არჩილ თალაკვაძე - წინაპრების თავგანწირვა არის გმირობის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და დაიცვა თავისუფლება
არჩილ თალაკვაძე - წინაპრების თავგანწირვა არის გმირობის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და დაიცვა თავისუფლება

დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის არის ძალიან შთამბეჭდავი ისტორია და სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, როდესაც მას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

როგორც თალაკვაძე ამბობს, დარწმუნებულია, წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს, ბრძოლას თავისუფლებისთვის ბოლომდე მიიყვანენ და საქართველო გამთლიანდება.

„ასი წლის შემდეგ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს, ბრძოლას თავისუფლებისთვის ბოლომდე მივიყვანთ მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით. საქართველო გამთლიანდება, დევნილები დაბრუნდებიან სახლებში და ჩვენ აღვადგენთ ხიდებს, რომელიც სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ დაანგრია და საზოგადოება დღეს ხელოვნურად არის მავთულხლართებით გაყოფილი. მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაინგრევა, როგორც თავის დროზე დაინგრა ბერლინის კედელი და დაინგრა ბევრი სხვა ბარიერი, რომელიც იყო დროის, პროგრესისა და ჰუმანიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.