არჩილ თალაკვაძე - წესების დარღვევაა, როცა მოლაპარაკების პირობებზე საჯაროდ საუბრობს ოპოზიცია, იმედია, ეს დესტრუქციის სიგნალი არ არის
არჩილ თალაკვაძე - წესების დარღვევაა, როცა მოლაპარაკების პირობებზე საჯაროდ საუბრობს ოპოზიცია, იმედია, ეს დესტრუქციის სიგნალი არ არის

რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ ბატონი დანიელსონის ნაცვლად და მოლაპარაკების პირობებზე კომენტარს წინასწარ არ გავაკეთებ, მაგრამ რასაც ვხედავთ და რა გზავნილებიც მისი მხრიდან გაკეთდა, რომ ემოციები გადავდოთ გვერდით და რეალისტური მოთხოვნები იყოს განხილული, ეს თავისთავად არის სწორი გზავნილები მოლაპარაკებისთვის. მითითება იმაზე, რომ კომპრომისები უნდა გაკეთდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში ოპოზიციასთან მმართველი გუნდის მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლობის მედიაციის მნიშვნელობაზე საუბრისას.

თალაკვაძის თქმით, კომპრომისი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელისუფლებას მოსთხოვო ნაბიჯების გადადგმა.

„ოპოზიციამაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, მით უმეტეს, როდესაც ეს არჩევნები ეუთო-ოდირმაც, რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც, საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, როგორც ლეგიტიმური არჩევნები. მათ გაიმეორეს საბოლოო დასკვნებში, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე აპელირება იმაზე, რომ თითქოს ეს არჩევნები არალეგიტიმურია და მოდით, ახლა რასაც ჩვენ ვიტყვით, ის უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ, ეს ოპოზიციის მხრიდან არ არის სწორი მიდგომა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის შეფასებით, შემაშფოთებელია, როცა მოპალარაკებებთან დაკავშირებულ პირობას უკვე არღვევს  ოპოზიცია.

„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ოპოზიცია და განსაკუთრებით ოპოზიციის ერთი ნაწილი დღეიდანვე არღვევს იმ მთავარ პირობას, რაც მოლაპარაკებებში იყო დასმული, რომ  მოლაპარაკების დეტალებზე  არ გვესაუბრა საჯაროდ. გახსოვთ, ალბათ, რა განცხადებები გავაკეთეთ ჩვენ – მე, ბატონმა კობახიძემ, ბატონმა კუჭავამ; ნახეთ, რა კომენტარები გააკეთა ოპოზიციამ. მათ, პრაქტიკულად, პირდაპირ ისაუბრეს საკითხებზე, წინასწარი შეფასებებიც უკვე  გააკეთეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, სამართლიანი პრინციპების მიღმა, მმართველი გუნდი არ აპირებს, რაიმე შეთანხმებას მიაღწიოს.

„იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში ჩვენმა ორმა მილიონმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. როცა მოქალაქეებმა ხმა მისცეს, როდესაც დამკვირვებლებმა გააკეთეს დასკვნები უკვე ჩატარებულ არჩევნებზე, ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ საზოგადოების ნაცვლად ან დამკვირვებლების ნაცვლად კონკრეტული მოლაპარაკებების დროს, ეს რაიმეში გავცვალოთ?! წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ მომავალზე ვმსჯელობთ დღეს და მომავალზე გვაქვს მოლაპარაკებები, მომავალზე გვაქვს დისკუსია.

როდესაც ოპოზიცია გამოდის გარეთ და პირდაპირ ლაპარაკობს უკვე იმ საკითხებზე, რისი განხილვაც შიგნით გვქონდა, ვთქვათ იმაზე, რომ პლებისციტი არის მათთვის პრინციპული თუ პატიმრების საკითხი მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ამ მოლაპარაკებების იმ მთავარი წესების დარღვევა, რაც წინასწარ გაგვაცნეს ჩვენ და რაზეც ვიყავით შეთანხმებული. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის სიგნალი დესტრუქციული გაგრძელებისკენ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კიდევ ერთხელ ეცადოს ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.