არჩილ თალაკვაძე - ვის ამადლიან მოლაპარაკებებზე დაჯდომას, რომელიც ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, გაუგებარია და საზოგადოებამ შეაფასოს, არის თუ არა კომპრომისი, რომ მოლაპარაკებებზე მიხვედი
არჩილ თალაკვაძე - ვის ამადლიან მოლაპარაკებებზე დაჯდომას, რომელიც ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, გაუგებარია და საზოგადოებამ შეაფასოს, არის თუ არა კომპრომისი, რომ მოლაპარაკებებზე მიხვედი

სამწუხაროდ, ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად შეთანხმებისთვის და იმ პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისთვის, რაც შეთანხმებას ხელს შეუწყობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მათ წინა პლანზე დააყენეს მხოლოდ ის თემები, რაც მათი პარტიებისთვის და ისიც, რამდენიმე პარტიისთვის იყო მნიშვნელოვანი. ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგია და არა სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების საჭიროება. საბოლოო ჯამში, ეს აჩვენებს სახეს, თუ რა ხდება დღეს ოპოზიციის ბანაკში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წინადადებებს შორის იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხმათა 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არასწორია.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი დღეს არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში ტარდება მხოლოდ მაშინ, თუ ვერ მოხდა უმრავლესობის ჩამოყალიბება, მთავრობის ფორმირება, ან თუ კონსტიტუციით დადგენილი ის პროცესები განვითარდა, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობაში. დღეს არც ერთი ასეთი ფაქტი სახეზე არ არის. ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა, გაქარწყლებულია, ვინაიდან მათ უარი თქვეს სამივე მექანიზმზე, რაც ჩვენ შევთავაზეთ. როდესაც სხვას რამეს აბრალებ და შემდეგში ამის დასაბუთება არ შეგიძლია, თან, გადამოწმებაზე და გამოძიებაზეც უარს აცხადებ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჰაერში გასროლილი ცარიელი ბრალდება. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების საკითხი ჩვენ არც შეგვითავაზებია და რა თქმა უნდა, ამაზე არც თანხმობას ვეტყვით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების დროს ოპოზიციას რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობა და ორი საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობა, რაც ალეკო ელისაშვილმაც დაადასტურა, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა. 

„არა, არ შეგვითავაზებია. ბატონმა ელისაშვილმა დაადასტურა, რომ ამ საკითხზე შედგა მსჯელობა. თუმცა, ეს არ ყოფილა ჩვენი შეთავაზება. ეს იყო მედიატორების მოსაზრება, რომ სამომავლოდ, ხომ არ შეუწყობდა ხელს ასეთი ტიპის კონფიგურაცია პარლამენტში შეთანხმებულ მუშაობას, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ დღეს არსებულ პარლამენტში ეს შეუძლებელია და ჩვენ ჩვენს ვერც ერთ კოლეგას, ვინც დღეს კომიტეტს ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, არ ვეტყვით და არ ვაკადრებთ იმას, რომ თანამდებობა დატოვოს, რომელიმე ოპოზიციური პარტიის მოთხოვნით და და ვინმეს დაუთმოს, რომელსაც რეგლამენტით არ ეკუთვნის და არჩევნებში ასეთი პოზიცია არ მოუგია. ჩვენ ვუთხარით, რომ თუ ისინი მაინცდამაინც ფიქრობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს შეთანხმებას, შეგვიძლია, მომდევნო პარლამენტში შემოვიღოთ პრინციპი, რითაც ორ, ან სამ კომიტეტს განვიხილავთ, როდესაც ოპოზიცია დანიშნავს თავმჯდომარეს, რაც მიღებულია ზოგიერთ დასავლურ სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ყოფილა ჩვენი შეთავაზება და ვისი შეთავაზებაც იყო, არც დავთანხმებულვართ, რომ ამ პარლამენტში ეს შესაძლებელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ მათი მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა იყო, ნიშნავს იმას, რომ პარტია რეალობას არის მოწყვეტილი.

„ვის ამადლიან მოლაპარაკებებზე დაჯდომას, რომელიც ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, პირადად ჩემთვის გაუგებარია და საზოგადოებამ შეაფასოს, არის თუ არა კომპრომისი ის, რომ მოლაპარაკებებზე მიხვედი. როგორ შეიძლება, კომპრომისი დაარქვა იმას, რაც ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა?!“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეკითხვაზე, რა ახალი შეთავაზება ჰქონდა მმართველ გუნდს ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რა დათმო „ქართულმა ოცნებამ“ და რა იყო მისი მხრიდან კომპრომისული ნაბიჯი, თალაკვაძემ განაცხადა, რომ შეთანხმება შესაძლებელი იყო იმ თემებზე, რომელიც ქვეყანას და მოქალაქეებს სჭირდება.

„ასეთი საკითხები იყო საარჩევნო რეფორმის ჩატარება ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გასწვრივ და ეს პროცესი ჩვენ დაწყებული გვაქვს პარლამენტში. მეორე, ეს იყო სასამართლო რეფორმის შემდეგი პაკეტი. ასევე, ოპოზიციის საგამოძიებო კომისიაში ჩართვა და იმ ბრალდებების გამოძიება, რომელიც მათ წამოაყენეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.