არჩილ თალაკვაძე - ვინც არჩევითი დემოკრატიის გვერდის ავლით ცდილობს, პარლამენტში შევიდეს, აზიანებს საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას, ეკონომიკას და ეს ვალუტის კურსზეც აისახება
არჩილ თალაკვაძე - ვინც არჩევითი დემოკრატიის გვერდის ავლით ცდილობს, პარლამენტში შევიდეს, აზიანებს საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას, ეკონომიკას და ეს ვალუტის კურსზეც აისახება

კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რა ახდენს ჩვენი ვალუტის კურსის ფორმირებაზე გავლენას, როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის მცურავი კურსი, ანუ, ბალანსი, რომელიც ბუნებრივად დგება. უნდა გვესმოდეს, რომ მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული კლიმატი, რომელიც თავის მხრივ, მოქმედებს საინვესტიციო მიმართულებასა და ტურიზმზე, რომელსაც ქვეყანაში სამ მილიარდ დოლარზე მეტი შემოაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არჩილ თალაკვაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები დაასახელა. მისი შეფასებით, დესტაბილიზაციის და ძალადობის ორგანიზება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, პირდაპირაა მიმართული სახელმწიფოს და მოქალაქეების კეთილდღეობის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს უარყოფითი ზეგავლენა უკვე მცირდება და ლარის კურსი უნდა დასტაბილურდეს.

„სახელმწიფოს და ეროვნულ ბანკს ასევე აქვს არაპირდაპირი ჩარევის მექანიზმები და როდესაც ამის აუცილებლობა არის და ეს გამართლებულია, ეროვნული ბანკი ამ მექანიზმებს გამოიყენებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​