არჩილ თალაკვაძე - ვიცი, ზოგიერთს არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება, თავისი ცუდიც კი ურჩევნია, ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პერიოდში არა მათთან ურთიერთობების გარკვევა, არამედ საზოგადოებაზე ზრუნვა იყო
არჩილ თალაკვაძე - ვიცი, ზოგიერთს არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება, თავისი ცუდიც კი ურჩევნია, ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პერიოდში არა მათთან ურთიერთობების გარკვევა, არამედ საზოგადოებაზე ზრუნვა იყო

კიდევ ერთხელ ნახეთ, რას ამბობს კანონმდებლობა, რას ამბობს პარლამენტის რეგლამენტი. საგანგებო მდგომარეობის დროს, პარლამენტიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სხდომების რაოდენობა, მით უმეტეს ინფექციის გადადების საფრთხისას, უკიდურესად შეზღუდულია. ევროპული პრაქტიკაც მოვიკითხოთ და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. ნუ აფიქრებინებთ მოქალაქეებს, რომ იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ მუშაობთ, რომელსაც წარმოადგენთ. საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე პარლამენტიც რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე არსებულ ვითარებაში პარლამენტის საქმიანობის შესახებ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზედამხედველო ფუნქციასაც პარლამენტი ჯეროვნად შეასრულებს – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მივა და კოვიდ სიტუაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების და გეგმების სრული განხილვა შედგება, ასევე, მიღებული ზომებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია დეპუტატების მიერ საკომიტეტო სხდომებზეც მოხდება.

„საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს რაც ევალებოდა და შეეძლო გაეკეთებინა. მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაძლოა, უნდოდა ენახა ისეთი პარლამენტი, რომელიც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის დროს უკიდურეს კონფრონტაციაში შევიდოდა მთავრობასთან, ისიც ვიცი, რომ ზოგიერთს, სუბიექტურად, შეიძლება არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება – თავისი ცუდიც კი ურჩევნია, თუმცა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პერიოდში არა თქვენთან ურთიერთობების გარკვევა, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. რასაკვირველია, თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით“, – მიმართა ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.