არჩილ თალაკვაძე - ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად, რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა
არჩილ თალაკვაძე - ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად, რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა

ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად, თუ რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

თალაკვაძის განცხადებით, მინისტრს სრული პასუხისმგებლობით ესმის, რომ ქვეყანაში მართლწესრიგთან არის დაკავშირებული ბევრი სხვა სფეროს განვითარება.

„ჩვენ ვნახეთ საქართველოს პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა სხვა უწყებებთან, როდესაც ასეთი ფუნქციური გადაკვეთები ხდებოდა. მე გავიხსენებ პერიოდს, როდესაც თუნდაც კოვიდპანდემია იყო, როგორ იმუშავეს ჩვენმა პოლიციელებმა და როგორი კარგი კოორდინაცია იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურებთან თუ საქართველოს თავდაცვის სისტემასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, მესაზღვრეებს, ადამიანებს, რომლებიც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში, სხვადასხვა სამსახურში მუშაობენ.

„თქვენი დამსახურება არის უდიდესი, რომ ქვეყანა დღეს ვითარდება, საქართველოს აქვს უსაფრთხოება, საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდა და საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, მომავალი, რომელიც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია, რომელიც ასევე შეეხება ჩვენი შვილების მომავალს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან მაშველებს, რომლებიც თურქეთში ურთულეს პირობებში განაგრძობენ სამაშველო ოპერაციას და არაერთი ადამიანის დახმარება შეძლეს. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო პრემიერ-მინისტრის და მთავრობის, ბატონი მინისტრის ინიციატივა, რომ მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საფრენი აპარატურის პარკის განახლება. სამი შვეულმფრენი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ყიდულობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი შენაძენი, ვინაიდან ეს არის მულტიფუნქციური საფრენი აპარატები, რომლებსაც სამაშველო-საოპერაციო, სხვა ოპერაციების შესრულება შეუძლია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რეზონანსულ საქმეებზე შსს-ს რეაგირება სამაგალითოა.

„რეზონანსულ საკითხებზე აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან არ უყვართ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი პოლიციელები, რომლებიც მათ სიცოცხლეს, მათ უსაფრთხოებას, მათ საკუთრებას, მათი შვილების უსაფრთხოებას იცავენ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად ამისა, ისინი თითქმის ორი წლის განმავლობაში მიდიოდნენ მინისტრთან და საქმიანი შეკითხვების ნაცვლად ცინიკურად ეკითხებოდნენ, სად არის ესა თუ ის ძებნილი, რატომ არ არის დაკავებული ამდენი ხანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს ადამიანები, პრაქტიკულად, ირონიულ-ცინიკურ კამპანიას აწარმოებდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

„მინდა, ვთქვა, რომ აქაც ბატონმა გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ამოცანას გაართვა თავი წარმატებით და რეზონანსულ საქმეებზე სამაგალითოა შსს-ს რეაგირება. განსაკუთრებით ძარცვის საქმეებზე, რომელზეც ამხელა იყო მედიის და საზოგადოების ყურადღება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ოპერაცია ჯერ დაასრულა მსხვერპლის გარეშე, შემდეგ ძებნილიც დააკავა ისე, რომ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც წინა წლებში ჩვენს ხელისუფლებას უნიათოს უწოდებდნენ, ახლა ამბობენ, რომ შენახული ჰყავდათ ეს დამნაშავეო და როცა დასჭირდათ მაშინ გამოიყვანესო“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.