საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაძლოა თუ არა, უმრავლესობა გედევან ფოფხაძის გარდა, სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.
„უმრავლესობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს. რაც შეეხება იმ პროექტებს და იმ საკითხებს, რაზეც გუნდში შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა იყოს, ეს საკითხები უმრავლესობაში შიდა კონსულტაციების და ფრაქციებს შორის კონსულტაციების გზით წყდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მან ასევე გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა შიდა კონსულტაციების გზით გადაწყდება და ამაში ვერაფერ დრამატულს ვერ ხედავს.
„ჩვენ უმრავლესობისა და ფრაქციების სხდომებს მუდმივად ვატარებთ. საზოგადოებამ კარგად იცის, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე უმრავლესობის შიგნით რა მსჯელობა და პროცესები მიდის. ეს ნორმალური პროცესი და დემოკრატიის ნაწილია.
უმრავლესობა საკუთარ ამოცანებს საკმაოდ წარმატებით ასრულებს. ამაზე საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით დასრულება მიუთითებს, სადაც უმრავლესობაში სრული კონსოლიდაცია იყო.
ჩვენ ასევე ყველა სტრატეგიულ საკითხზე ერთიანი პოზიციით გამოვედით. რაც შეეხება გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას, ეს შიდა კონსულტაციების გზით გადაწყდება და ამაში ვერაფერ დრამატულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა არჩილ თაკლაკვაძემ.
როგორც პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ განაცხადა, მმართველ გუნდში შეთანხმებული იყო, რომ ნინია კაკაბაძეს ხმას არ აძლევდნენ, მაგრამ პოზიცია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა. ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების განხილვას ითხოვს.