არჩილ თალაკვაძე - უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას
არჩილ თალაკვაძე - უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას

გადაწყვეტილება იყო ძალიან გაუგებარი და ეს საკადრო გადაწყვეტილება უდაოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას.

არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა იმ წერილზეც, რომლითაც მან უკრაინელ კოლეგას მიმართა.

„ჩვენ მივმართეთ უკრაინის რადას, რომელმაც შემდგომ დღის წესრიგიდან მოხსნა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი და ის აღას დაამტკიცა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, რომელიც მაღალი პოლიტიკური პოსტია ქვეყანაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ამის შემდეგ დანიშნა სააკაშვილი საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელად.

„კომენტარიც მოვისმინეთ, რომ უკრაინის მთავრობა თავად წყვეტს, სად დანიშნოს თავისი მოქალაქეები. მეორე მხრივ, როცა ეს სხვა ქვეყნის მოქალაქე ყოველდღიურად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, გეგმავს დესტაბილიზაციას და დესტრუქციით არის დაკავებული, საინტერესოა, რა პოზიცია ექნება უკრაინულ მხარეს ამ შემთხვევაში. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული საქართველოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო თვეებში უკრაინული საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ დანიშნეს რეალურად სააკაშვილის სახით რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ.

„დანიშნეს ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ბიზნესის და საკუთრების „დაცვით“ და რომლის საქმიანობის შედეგადაც ბიზნესები შუაღამით იწყებენ თავისი ქონების ჩუქებას სახელმწიფოსთვის, თუ დანიშნეს ადამიანი, ვისი მთავარი სლოგანიც იყო „ყველანი ციხეში“; ან იქნებ დანიშნეს ადამიანი, ვინც „შესანიშნავად იცავს“ ადამიანის უფლებებს და ერთ დღეს არ აღმოჩნდეს, რომ ამ სფეროში არის სისტემური ჩავარდნები, ადამიანების დამცირება, წამება და პოლიტიკური დაპატიმრებები; თუ ის ადამიანი დანიშნეს, ვინც არის კარგი მეომარი, მთავარსარდალი და კრიზისების კარგი მენეჯერი – ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დროს, როცა რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა საქართველოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.