არჩილ თალაკვაძე - სკამი „ქართულ ოცნებაში“ არავის თვითმიზანი არ არის, ვახტანგ გომელაური თავმდაბალი კაცია, კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობები და ისიც, რომ ძლიერი გუნდი უმაგრებს ზურგს
არჩილ თალაკვაძე - სკამი „ქართულ ოცნებაში“ არავის თვითმიზანი არ არის, ვახტანგ გომელაური თავმდაბალი კაცია, კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობები და ისიც, რომ ძლიერი გუნდი უმაგრებს ზურგს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პროფესიონალი, თავდაბალი ადამიანია და თავის პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებს. ამის შესახებ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „ვახტან გომელაურმა გუშინ განაცხადა, რომ თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ, ის მზად არის, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს, რას ფიქრობს მმართველი გუნდი ამის შესახებ“, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადება გომელაურის თავმდაბლობას უნდა უკავშირდებოდეს.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კარგად იცის, რომ მას ძლიერი გუნდი უმაგრებს ზურგს.

„ვფიქრობ, ასეთი განცხადება უკავშირდება თავმდაბლობას. ის კარგი პროფესიონალი და თავმდაბალი კაცია. კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობები, თუ რას ნიშნავს გუნდი და ისიც  კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, თვითონ არის პასუხისმგებელი თავის უწყებაზე, მაგრამ ძლიერი გუნდი უმაგრებს ზურგს. როდესაც შს მინისტრის მოადგილე ვიყავი, მასთან მუშაობის გამოცდილება მქონდა, ძალიან კარგად ვიცი, რა პრინციპებით ხელმძღვანელობს და რამდენად სამართლიანი ადამიანია ვახტანგ გომელაური. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი, ერთიანი გუნდი, კონსოლიდირებული და რა თქმა უნდა, ჩვენც სამართლიანად, პრინციპულად ვუდგებით ყველა საკითხს. ასევე მან დააფიქსირა ის ღირებულება, რაც ყველას აქვს ჩვენს გუნდში, სკამი „ქართულ ოცნებაში“ არავის თვითმიზანი არ არის. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომ საქმე ვაკეთოთ. თუ დრო დგება და არის საჭირო, რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა, თანამდებობა გადავცეთ სხვას, არც ამისი პრობლემა არასდროს არავის ჰქონია. ეს დაუფიქსირა მან საზოგადოებას. შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილს გაუხარდა, რომ ეს განცხადება რაღაცას მოასწავებსო, მაგრამ ჩემი გამოცდილებით მინდა, გითხრათ, რომ ნიშნავდა იმას, რასაც ვამბობ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი