არჩილ თალაკვაძე - შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური ძალა ტოქსიკურია
არჩილ თალაკვაძე - შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური ძალა ტოქსიკურია

​შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური ძალა ტოქსიკურია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

„ოპონენტებს მივმართავ, რომლებიც აქ ხმამაღლა საუბრობდით, ხართ ტოქსიკური პოლიტიკური ძალა, სხვა უბრალოდ არ შეიძლება, ამას დაერქვას. შალვა შავგულიძესავით მომავალში თქვენ გვერდით ვინც დადგება, რათა თქვენთან ერთად არჩევნები მოიგოს, ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა – ტოქსიკური პოლიტიკური ძალა ხართ და თქვენთან ერთად მოგებაზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა, ყველაზე მცირე შედეგს რომ მიიღებს, ამაზე უნდა იფიქროს.

ეს არჩევნები რომ თავისუფლად ჩატარდა, იცით რა ადასტურებს – ხმები, რომლებიც მაინც მიიღეთ. მხოლოდ თავისუფალ არჩევნებში შეიძლება, რომ თქვენნაირმა ტოქსიკურმა ძალამ რამე ხმები და მხარდაჭერა მიიღოს და კიდე ნუ გაქვთ პრეტენზია არჩევნებთან დაკავშირებით.

რაო, ძველ ბიჭებზე თქვენ ლაპარაკობდით? თქვენი ტერმინოლოგია, თქვენი ფრაზები, თქვენი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ – ეს არის ძველბიჭური მენტალიტეტი. რა ძველ ბიჭებზე ლაპარაკობთ ამის შემდეგ, როდესაც თავად ხართ განსახიერება თქვენი ქცევით, თქვენი მენტალიტეტით, მთელი თქვენი ტერმინოლოგიით, მიმართვებით და დამოკიდებულებებით. თინა ბოკუჩავას მივმართავ, წინ გაიხედოს როდესაც ძველ ბიჭებზე ლაპარაკობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, პარტიამ მორიგი არჩევნები არჩევნები წააგო და იმასაც არ კადრულობს, მხარდამჭერებს და საზოგადოებას, აუხსნას, სინამდვილეში რატომ წააგეს.

„შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა. საზოგადოება ზუსტად და სამართლიანად აფასებს იმ მიღწევებს და გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს და ამ გამოწვევების მოგვარებაში ისევ „ქართულ ოცნებას“ აძლევს მხარდაჭერას, რადგან ამ ხალხის მოგვარებული ან ამ ხალხის დადებული კონკრეტული დაპირება ჩვენ ამ შუალედურ არჩევნებში ვერ ვნახეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.