არჩილ თალაკვაძე - შევთანხმდით, რომ 2024 წლის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები 2020 წელზე შეთანხმებული პრინციპით ჩატარდება
არჩილ თალაკვაძე - შევთანხმდით, რომ 2024 წლის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები 2020 წელზე შეთანხმებული პრინციპით ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაატკიცა, რომ ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოებაა.

თალაკვაძემ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკური შეთანხმების საკითხზე ისაუბრა.

„როგორც იცით, გუშინ პოლიტიკური მოლაპარაკებები და დიალოგი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დადებითი შედეგით დასრულდა და ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილებოდა, პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. ამით ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ დაატკიცა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოებაა. მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება ყველა მხარისთვის არის მიღწევა და პროგრესული გადაწყვეტილება, ეს იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც რეალურად აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა მზად არის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას აგრძელებს და ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.

„ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს და საქართველოს აქვს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ისტორია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით. 2012 წლიდან საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ტარდება დემოკრატიულად და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლის არჩევნებიც ჩატარდეს მაღალი სტანდარტით თავისუფლად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. ჩვენი გადაწყვეტილება მიმართული იყო დეესკალაციისკენ, მიმართული იყო იმისკენ, გვეჩვენებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის და პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლება უფრთხილდება და პატივს სცემს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივასა და უსაფრთხოებას. ჩვენი პოლიტიკური პარტია მომავალზე ორიენტირებულია – ჩვენ გვსურს ეკონომიკური განვითარება, გვსურს განათლების სისტემის რეფორმა, უსაფრთხოების გაძლიერება,  ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. გვაქვს გეგმები, რომლებიც უკავშირდება მომავალს და ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. უკვე ყველას გვაქვს შესაძლებლობა, არჩევნებისთვის ნორმალური მზადება დავიწყოთ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას შეთანხმების შინაარსი კიდევ ერთხელ გააცნო.

„ძალიან მოკლედ საზოგადოებას ვეტყვი, თუ რაზე შევთანხმდით პოლიტიკური პარტიები და ამასთან დაკავშირებით არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციები არ უნდა იყოს, ვინაიდან გუშინ, დოკუმენტები, რასაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ, საჯაროდ გამოქვეყნდა. შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 120/30-ზე განაწილებით. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიცია ითხოვდა მაჟორიტარულ მანდატების 20-მდე შემცირებას. ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და საბოლოო ჯამში შევთანხმდით 120/30-ზე. არჩევნები ჩატარდება ერთ პროცენტიანი  ბარიერით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ვაპირებთ პაკეტის ერთ პროცენტიანი ბარიერით ინიცირებას. დაცული იქნება პრინციპი, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობას და მთავრობას. აქაც მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა, რომ ჩვენ არასოდეს არც ვგეგმავდით და არც ერთ წინა არჩევნებში 40 პროცენტზე დაბალი მხარდაჭერა არ მიგვიღია“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებშიც აპირებს 40 პროცენტზე გაცილებით მაღალი მხარდაჭერის მოპოვებასა და პარლამენტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას.

„ასევე შევთანხმდით მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, თუ საჭირო გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ის ჩატარდება 2020 წელზე შეთანხმებული პრინციპით. ეს გამორიცხავს და პრაქტიკულად აღარ უტოვებს შანსებს დესტრუქციულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რამენაირად კიდევ გააგრძელონ მცდელობა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ნომერ პირველ სტრატეგიულ მოკავშირეს – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ელჩ ჰარცელს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს, ვინც აქტიურად გულშემატკივრობდა და ჩართული იყო ამ პროცესის ფასილიტაციაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია – ამ შეთანხმებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ არჩევნებს იგებს არა ცალკე აღებული რომელიმე სისტემა, არამედ საზოგადოების მხარდაჭერა. პირველ რიგში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვენდობით, პატივს ვცემთ მათ ნებისმიერ არჩევანს, ჩვენ ვენდობით ჩვენს მხარდამჭერებს და დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული პროგრამით, განახლებული გუნდით გაიმარჯვებს და პარლამენტში მყარ უმრავლესობას მიიღებს. ამისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და მომავალში წინასაარჩევნო კამპანიაც ძალიან აქტიურ ფაზაში შევა“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ ისაუბრა მართლმსაჯულების ნაწილზე შეთანხმებასთან დკაავშირებითაც და აღნიშნა, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციები ისმის.

„ვინაიდან გუშინ და დღეს ვისმენთ კითხვებს, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, შემდეგი საკითხი, რაზეც ყურადღების გამახვალება მინდოდა, ეს არის მაღალი პროფილის საქმეები, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე: მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ არ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. ჩვენი პოზიცია აქამადეც, დღესაც და მომავალშიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, პოლიტიკური კალენდრის ნაწილი, არ შეიძლება მასზე იყოს დამოკიდებული. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით დოკუმენტში არ არის მოცემული და თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ შეთანხმების კონკრეტულ ტექსტს. შესაბამისად, კითხვებზე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ან შეთანხმებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აქცენტებს აკეთებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა. ასეთი კონკრეტული შეთანხმება პარტიებს შორის გუშინ არც მიღწეული ყოფილა, არც ხელმოწერილი და არც ადადსტურებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სახელმძღვანელო პრიციპი არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ვინმეს დაკავებაზე, პატიმრობაზე ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.