არჩილ თალაკვაძე - საშემოდგომო სესიიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ პარლამენტში იყოს სრულფასოვანი ოპონირება და ეს პოლიტიკური კულტურის ფარგლებში მოხდეს
საშემოდგომო სესიიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ პარლამენტში იყოს სრულფასოვანი ოპონირება და ეს პოლიტიკური კულტურის ფარგლებში მოხდეს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მან ჟურნალისტებთან ისაუბრა დეპუტატ ეკა ბესელიას გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც აპირებს, ვანო ზარდიაშვილის გამონათქვამების შესახებ ეთიკის საბჭოს მიმართოს.
„ეკა ბესელიას უფლება აქვს, ეთიკის საბჭოს მიმართოს. ეთიკის საბჭო იმსჯელებს და ამას მოჰყვება შეფასებები. თუ როგორი იქნება ეს შეფასებები, წინასწარ ვერ გეტყვით, რადგან ეს ეთიკის საბჭოს გადასაწყვეტია. რაც შეეხება პარლამენტის შიგნით გარემოს, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გავხსნათ პოლიტიკური სისტემა, თვისობრივად უფრო დემოკრატიულ სტანდარტზე – პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეთ, პარლამენტზე, სადაც იქნება მეტი ბალანსი და მეტი წარმომადგენლობა, ბუნებრივია, ამ საერთო კონტექსტში მნიშვნელოვანია, პარტიებს შორის თანამშრომლობა, ოპოზიციასთან დებატები და ამავე დროს, ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკური დიალოგის, დისკუსიისა და კამათის წარმოების კულტურაც.
შესაბამისად, ამ კონტექსტში განვიხილავ ნებისმიერ ინტერაქციას, რომელიც დეპუტატებს შორის ხდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, საშემოდგომო სესიიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პარლამენტში იყოს სრულფასოვანი ოპონირება და ეს ყველაფერი იმ პოლიტიკური კულტურის ფარგლებში მოხდეს, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ სამომავლოდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის წარმომადგენელმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატი ეკა ბესელია კორუმპირებულობაში დაადანაშაულა. ამასთან, აღნიშნა, რომ ბესელია „ვირთხაა“ და ინფორმაცია გაჰქონდა უმრავლესობიდან. ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ ამის გამო, ეთიკის საბჭოს მიმართავს.