არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს აშშ-ის კონგრესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ერთხმად დაამტკიცა, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს აშშ-ის კონგრესში ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად მიღების ფაქტს ამ სიტყვებით ეხმაურება.
„ორპარტიული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.
კანონპროექტით კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ („დემოკრატი“ – ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა („რესპუბლიკელი“ – ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს“,-წერს პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.