არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ. მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა, კუპონიც კი თავის დროზე უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს რადიკალური ბანაკია პარლამენტში
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ. მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა, კუპონიც კი თავის დროზე უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს რადიკალური ბანაკია პარლამენტში

გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ. მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა. შეიძლება ითქვას, კუპონიც კი თავის დროზე უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს ე.წ. მთავარი ოპოზიცია და რადიკალური ბანაკია პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ბატონი გოცირიძე, ქალბატონი დეკანოიძე ვერ გიშველით და ვერ შეასრულებს თქვენს მისიას. მოიყვანეთ თქვენი არჩეული ახალი სარდლობა, დევგმირები, რომლებიც ციხე-სიმაგრეების დამსხვრევით იმუქრებოდნენ. დასხედით და მონაწილეობა მიიღეთ დებატებში, კამათში, აჩვენეთ ხალხს, რა შეგიძლიათ, რა ოპონენტები, რა ოპოზიცია ხართ. ჯერჯერობით ამას ვერ აკეთებთ. სამწუხაროა, რომ პარლამენტში არყოფნასა და ყოფნის დროს დესტრუქციაში ხართ გაჭედილი. არ მოგწონთ რეალური დემოკრატია, რომელიც თქვენს ამომრჩევლებს წარმოადგენს, თქვენ არ გინდათ დისკუსია და არგუმენტირებული კამათი. თქვენთვის მიუღებელია არჩევნების შედეგები და რაც ყველაზე ცუდია, სხვისი გაკეთებული ნებისმიერი კარგი საქმეც მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ხშირად ქვეყნის ინტერესებთან, ხალხის ინტერესებთან მოდიხართ წინააღმდეგობაში.

საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ ორმაგი სტანდარტებით მუშაობთ. თქვენთვის არასასურველ ჟურნალისტს როდესაც ქოლავენ და ძალადობით ემუქრებიან, ხმას არ იღებთ, თქვენთვის ეს მისაღებია, სამაგიეროდ, როდესაც თქვენთვის მისაღებ ადამიანებს ეხებათ, წარმოუდგენელ რეაქციას აჩვენებთ. თქვენ ითხოვთ ერთი პატიმრის გათავისუფლებას, მაგრამ დანარჩენი ათი ათასი ადამიანი არაფრად მიგაჩნიათ, რადგან ისინი თქვენიანებად არ მიგაჩნიათ და მათი სახელი, გვარი თქვენი უფროსის სახელსა და გვარს არ ემთხვევა. თქვენი თანამებრძოლი რუსეთიდან როდესაც იღებს ხელფასს, არაფრად მიგაჩნიათ, სამაგიეროდ, პრორუსულობაში ადანაშაულებთ ნებისმიერ ოპონენტს.

დეზინფორმაცია თქვენ წინააღმდეგ როდესაც არის, მიუღებელია, მაგრამ თქვენ მიერ კონტროლირებული არხები რომ დეზინფორმაციით არიან დაკავებული, ეს მისაღებია და ამაზე ხმას არ იღებთ. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტები და ამან გამოიწვია თქვენი წარმოუდგენელი ინფლაცია. სხვას ადანაშაულებთ, ევროინტეგრაციას უშლიან ხელსო, მაგრამ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ბრიუსელში დადიოდით, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი განიხილებოდა და არწმუნებდით ევროპელებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ვინ გვესაუბრებით, ვინ გვესაუბრება ევროკავშირის სახელით, ადამიანები და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა. თქვენ უმტკიცებდით ხალხს, თითქოს ხელისუფლება არის პრორუსული ძალა. სინამდვილეში, ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა რეალური ევროპული პერსპექტივა. თქვენ უმტკიცებდით, რომ ყველაფერი უკან მიდის, მაგრამ საქართველოში ადამიანის უფლებების პატივისცემაა და შემცირდა საჩივრები ევროსასამართლოში. თქვენ უმტკიცებდით, რომ ცუდად მართავს ხელისუფლება ქვეყანას, მაგრამ დაბრუნდა ჯანდაცვა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და სხვა საჯარო სიკეთეები. ეს ყველაფერი ხალხმა დაინახა. დღეს თქვენ არ გაქვთ ძალა და ვეღარც ოპოზიციის ფუნქციას ასრულებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში.