არჩილ თალაკვაძე - საოკუპაციო რეჟიმს იმის იმედი ნუ ექნება, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევები დავიწყებას მიეცემა
არჩილ თალაკვაძე - საოკუპაციო რეჟიმს იმის იმედი ნუ ექნება, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევები დავიწყებას მიეცემა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სწრაფი და მკვეთრი რეაგირება მოხდეს.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.

„ჩვენი რეაქცია ძალიან მკვეთრია და მომხდარ ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. რეზოლუციის ინიცირება მოვახდინეთ, სადაც ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვებას ვითხოვთ. მიგვაჩნია, რომ ამ მექანიზმების გარეშე შეუძლებელია რისკები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით არსებობს, თავიდან იყოს აცილებული. მსგავსი პროვოკაციები და ასეთი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი ფაქტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს ვერ შეუშლის. დრო მოვა, როცა დამნაშავეები დასჯილები იქნებიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფაქტს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რეაგირება სწრაფი და მკვეთრი იყოს. ჩვენი ბერკეტები ყველა საერთაშორისო ფორმატში ამ საკითხების გააქტიურება და თითოუელ შემთხვევაზე საერთაშორისო ყურადღების მობილიზებაა. საოკუპაციო რეჟიმს იმის იმედი ნუ ექნება, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევები დავიწყებას მიეცემა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეაგირებას მუდმივად გავაკეთებთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ადამიანის უფლებების ასეთ დარღვევაზე სათანადო რეაგირება იყოს. აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომოკური და დემოკრატიული განვითარების პარალელურად, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს მოსახლეობას მხოლოდ იარაღის ჟღარუნს და მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს. დრო მოვა, როცა ადამიანები გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ მათთვის მილიტარისტული რიტორიკა მიუღებელია და მათ უფლება აქვთ, სოციალური და ეკონომიკური სიკეთეებით ისარგებლონ”, – განაცხადა თალაკვაძემ.