არჩილ თალაკვაძე - სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის
არჩილ თალაკვაძე - სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის

პირადად ვთვლი და მომავალშიც ასე ჩავთვლი, სანამ პოლიტიკაში ვიქნები, რომ ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. თუ სასამართლო მომავალში, ვინმესთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დააპატიმრებს ან გაამართლებს, ამაზე არავითარი გავლენა პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ, ეს არის ცალსახა,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის მართალი.

მისივე განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიოს, დღეს ამბობენ, რომ ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა ესა თუ ის ადამიანი გაუშვან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა პრეზიდენტის შესახებ შეთანხმების დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე.

„პოლიტიკური მხარეები შევთანხმდით, პრეზიდენტს ვთხოვოთ, მივმართოთ, რომ მომავალში მან გამოიყენოს თავისი ზეპარტიული, პოლიტიკური თანამდებობა და პლატფორმა, რათა პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, მომავალ შეხვედრებს სხვა საკითხებზე, რომელიც შეიძლება წამოიჭრას, უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტმა.

გუშინ თქვენ ნახეთ, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართონ პრეზიდენტს. ეს ოპოზიციონერები ერთი წლის განმავლობაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს ჩვენ არ ვაღიარებთ, ის არ არის ჩვენი არჩეული პრეზიდენტი, ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ამის შემდეგ თქვენ როგორ გჯერათ ადამიანების, რომლებიც გუშინ ერთს ამბობდნენ, დღეს მეორეს აკეთებენ, რომლებმაც ჩააგდეს პროპორციული არჩევნები, ბოიკოტი გამოუცხადეს და დღეს თავგამოდებული მხარდამჭერები არიან პროპორციული არჩევნების. ამ ხალხის როგორ გჯერათ, 100 პროცენტით? გადაამოწმეთ, ჩახედეთ დოკუმენტს. იქ ყველაფერი წერია, რაზეც შეთანხმება შედგა. სიტყვა – პოლიტიკური პატიმარი, ამ დოკუმენტში არ წერია, არც დაპატიმრება და არც გათავისუფლება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​