პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პირადობის მოწმობებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებები „ამ ნაწილის ტრადიციულ სტილშია“. მისი თქმით, როგორც კი რაიმე გადაწყვეტილებას იღებს ნებისმიერი ინსტიტუტი, არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თუ საერთაშორისო სასამართლო, ოპოზიციის ეს ნაწილი იკრიბება და ფიქრს იწყებს, როგორ შეიძლება, ეს ხელისუფლებას დააბრალონ.
„ზოგჯერ ეს მარჯვედ გამოსდით, ზოგჯერ მათი ბრალდებები საერთოდ ლოგიკას მოკლებულია. ამ შემთხვევაში, თუ ნახავთ, ვინ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და რეალურად, ვინ იყო რეფორმების ინიციატორი და მომხრე, რომ მთლიანად ელექტრონულ მოწმობებზე გადასვლა მომხდარიყო, ადვილად მივხვდებით, თუ სად არის სიმართლე.
გვახსოვს, ბოლო არჩევნებშიც პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული ცრუ სკანდალი, როცა თითქოს, ოპოზიციამ ძველი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა. საბოლოო ჯამში, ორ დღეში გაირკვა, რომ ეს პირადობის მოწმობები მათთან დაკავშირებული ადამიანებისა და ორგანიზაციების შეგროვებული იყო 90-იან წლებში და იმ ადამიანების ნაწილს ჰქონდა ახალი ბარათები, ნაწილი კი რეალურად აღარ იყო ამომრჩეველი. კოლეგებს ვთხოვ, ნუ აჩქარდებიან და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებენ, რადგან შეიძლება შემდგომ თავისივე განცხადებების გამო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობის მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.