არჩილ თალაკვაძე – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს შესახებ ნახსენები საკითხები უმეტესად პოზიტიურია და წინა წლებთან შედარებით კრიტიკა შემცირებულია.
„განსაკუთრებული აქცენტია დარღვევებზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და სწორედ ეს რჩება გამოწვევად. ასევე არის საუბარი ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ანგარიში ეთანხმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ვიტყოდი, რომ უკეთესი ვითარება არის საპატიმრო დაწესებულებებში, სადაც წინა წლებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო მოცემული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანიასა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლმებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.