არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო რეფორმა იქნება მნიშვნელოვანი, რათა თვითმმართველობის არჩევნებს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გარემოში შევხვდეთ
„კიდევ ერთხელ მივესალმები სამუშაო ჯგუფის შექმნას და იმ დღის წესრიგს, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში დაისახა ამ ჯგუფმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საარჩევნო რეფორმა იქნება უდავოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გარემოში და უკეთესი კანონმდებლობით შევხვდეთ, მათ შორის – არჩევნების დღესთან დაკავშირებული პროცედურებით.
„ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნდობის გაზრდას და ხელს შეუწყობს იმას, რომ საკითხები, რომელზეც შესაძლოა მომავალში პარტიებს ჰქონდეთ დაპირისპირება, შემცირდება, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიები, გაუმჯობესებული პროცედურები, კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი – ეს ყველაფერი უთანხმოების წერტილებს შეამცირებს არჩევნების პროცესში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.