არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო პროცესში სიძულვილის ენის გამოყენება და ქსენოფობია უნდა დარეგულირდეს
არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო პროცესში სიძულვილის ენის გამოყენება და ქსენოფობია უნდა დარეგულირდეს

საარჩევნო პროცესში სიძულვილის ენის გამოყენება და ქსენოფობია უნდა დარეგულირდეს, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, საკითხი უნდა დარეგულირდეს არა ისე, როგორც ამას ხედავს ზოგიერთი ადამიანი, რომელიც თავს ექსპერტობაზე დებს, არამედ ისე, როგორც ეს საერთაშორისო კონვენციებშია მოცემული.

„ზოგიერთი ადამიანის მხრიდან გუშინ ვნახეთ საკმაოდ არაჯანსაღი სპეკულაციები, ვინც ამ სფეროს ექსპერტობაზე თავს დებს. ყველას გთხოვთ, პირველ რიგში ნახოთ, რომ ქსენოფობიასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ეს რეკომენდაცია მოცემულია ეუთო-ს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშში. პრინციპი ეს არის, რომ საარჩევნო პროცესში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოყენება დარეგულირდეს. უნდა დარეგულირდეს არა ისე, როგორც ამას ხედავს ზოგიერთი ადამიანი, რომელიც თავს ექსპერტობაზე დებს, არამედ ისე უნდა დარეგულირდეს, როგორც ეს საერთაშორისო კონვენციებშია მოცემული.

ჩემი მეგობრული თხოვნა იქნება, რომ სხვა ინტერპრეტაციებს ნურავინ გააკეთებს. ვინაიდან, რა არის ქსენოფობია და სიძულვილის ენა, ეს საერთაშორისო დოკუმენტებში მკაფიოდ განსაზღვრულია. ეს არის კონკრეტული ნიშნით, შეიძლება იყოს სქესი, რელიგიური მრწამსი, რასა და ეთნიკური ნიშანი, ამ საფუძველზე ადამიანის მიმართ აგრესია და პოლიტიკური კამპანიის ამაზე დამყარება უნდა იყოს დარეგულირებული. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ეს დარეგულირებული არ უნდა იყოს, ვთხოვ ირიბ განცხადებებს თავისი მედიასაშუალებით ნუ გააკეთებენ, არამედ გამობრძანდნენ, ბრიფინგები ჩაატარონ და კონკრეტულად თქვან, რომ საერთაშირისო ორგანიზაციების ამ რეკომენდაციას ეწინააღმდეგებიან. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.