არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის გარემოცვა ცდილობს ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას, პოლიტიკური სკანდალის გზით ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ კანონის დარღვევით როგორმე სააკაშვილი გაათავისუფლონ
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის გარემოცვა ცდილობს ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას, პოლიტიკური სკანდალის გზით ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ კანონის დარღვევით როგორმე სააკაშვილი გაათავისუფლონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ცდილობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას, პოლიტიკური სკანდალის გზით ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ მასზე გამონაკლისის სახით იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს.

თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მაღალი სტანდარტის მომსახურებას აწვდის, ასევე, იუსტიციის მინისტრმა გამოთქვა მზაობა, ოჯახის შუამდგომლობით ნებისმიერი პროფილის ექიმი ჩართოს მკურნალობის პროცესში.

„პირველ რიგში, მინდა, პატიმრობაში მყოფ ყველა ადამიანს ვუსურვო ჯანმრთელობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოტივაცია არის, უზრუნველვყოთ პატიმრების ჯანმრთელობის დაცვა ისეთი სტანდარტებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის გარანტირებული, ასე ხდება ამ შემთხვევაშიც. სამწუხაროა, რომ გრძელდება ტენდენცია, როდესაც სააკაშვილის გარემოცვა რეალურად არა მისი მკურნალობით და გამოჯანმრთელების საკითხით არის დაინტერესებული, არამედ დაინტერესებულია, ჯანმრთელობის გაუარესების საკითხით შექმნას რაღაც პოლიტიკური სკანდალი და გააგრძელონ ზეწოლა სახელმწიფოზე, რომ კონსტიტუციის და კანონის დარღვევით როგორმე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ. ანუ, ისინი ამტკიცებენ, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია, კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი, და ათი ათასი პატიმარი უნდა დარჩეს პატიმრობაში, მათ შორის ისინი, ვისაც, შესაძლოა, ასევე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ლოგიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაცვის მხარე გვთავაზობს.

ჩვენი მხრიდან არის ძალიან უბრალო და გულწრფელი მზადყოფნა გამოხატული. პირველი – იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მზად არის, ოჯახის შუამდგომლობით ჩართოს ნებისმიერი პროფილის ექიმი მკურნალობის პროცესში. მეორე, ასევე სახელმწიფომ აჩვენა, რომ მას აწვდის ყველაზე მაღალი სტანდარტის მომსახურებას, რაც ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. კერძოდ, თვეების განმავლობაში ის იმყოფება ერთ-ერთ საუკეთესო სამოქალაქო კლინიკაში. ვფიქრობ, აქ ძირითად კითხვებზე პასუხი გაცემული აქვს სახელმწიფოს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას, ვიმეორებ, მისი ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს და ჯანდაცვის სამსახურებს, რომ უზრუნველყონ ჯანმრთელობის სრულფასოვანი დაცვა ისე, როგორც ეს მათ სურთ და მათ მიზნებშია. ვგულისხმობ ექიმებს და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას, მის პოლიტიკურ თანაგუნდელებს და მეგობრებს, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველამ მთელი ყურადღება და ძალისხმევა უნდა დახარჯოს იმაზე, რომ სააკაშვილმა აღადგინოს სრულფასოვანი კვება, სრულფასოვნად ითანამშრომლოს ექიმებთან მკურნალობის პროცესში. თუ ეს ორი პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, რასაკვირველია, ეს პროცესი დარჩება პოლიტიკურ პროცესად და გაგებული იქნება, როგორც პოლიტიკური ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა ერთი ადამიანისთვის დაარღვიოს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო პრინციპები მაშინ, როდესაც ათი ათასი სხვა ადამიანისთვის ეს წესები რჩება იგივე. მგონი, ეჭვების დრო უკვე გასულია სააკაშვილთან დაკავშირებით. პირდაპირ ნათელია, რომ მისი გარემოცვა ცდილობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას, პოლიტიკური სკანდალის გზით ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ მასზე გამონაკლისის სახით იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სცდება კონსტიტუციის და კანონმდებლობის ჩარჩოებს, ხოლო სხვა ადამიანებზე დარჩეს იგივე და იგივე კანონმდებლობა, რომელიც აქვს ქვეყანას.  ანუ, ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო, ამას მოგვიწოდებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც მიუღებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა ღიად დააფიქსირა მზადყოფნა, ოჯახის შუამდგომლობით მკურნალობის პროცესში ჩართოს ნებისმიერი ექიმი.

„ეს უნდა იყოს მკურნალობის პროცესი. მიზანი უნდა იყოს, რომ მან განაახლოს სრულფასოვანი კვება და სრულფასოვანი თანამშრომლობა ექიმებთან მკურნალობის პროცესში. ეს ორი პირობა არის საბაზისო, რომ შემდეგ ვინმემ მართლა სერიოზულად და სამედიცინო არგუმენტების დონეზე განიხილოს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ეს აღარ არის პოლიტიკოსების საქმე, ეს არის ექიმების საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.