არჩილ თალაკვაძე - რუსეთის გადაწყვეტილების გამო დემარშის გამოცხადება არასამართლიანია, ჩვენს მოქალაქეებს სანქციები რომ არ დავუწესეთ, ამისთვის თუ მივიღეთ დემარში, ამასაც ღირსეულად შევხვდებით
არჩილ თალაკვაძე - რუსეთის გადაწყვეტილების გამო დემარშის გამოცხადება არასამართლიანია, ჩვენს მოქალაქეებს სანქციები რომ არ დავუწესეთ, ამისთვის თუ მივიღეთ დემარში, ამასაც ღირსეულად შევხვდებით

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო პირნათლად ასრულებს თავის პასუხისმგებლობას, პირობას, რომელიც აღებული აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და პარტნიორებთან, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ყველა იმ ნაბიჯით და შესაძლებლობით, რომელიც რეალურად არის ახლა ქვეყნისთვის შესაძლებელი.

რაც შეეხება დემარშს, თალაკვაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან დემარში ადრეც იყო გამოცხადებული და „ქართულ ოცნებაში“ მაშინაც ამბობდნენ, რომ დემარში სამართლინი არ იყო და ახლაც ასე ფიქრობენ.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, არასამართლიანია, როდესაც რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ევროკავშირი საქართველოს უცხადებს დემარშს. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია რუსეთის მხრიდან სანქციების მოხსნაში.

„რაც შეეხება დემარშის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მხრიდან დემარში ადრეც იყო გამოცხადებული სააკაშვილთან დაკავშირებით. ვიცით შემდგომშიც მოვლენების განვითარება. მაშინ რეალურად ჩვენ ვამბობდით, რომ არ იყო სამართლიანი ეს დემარში, რაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ არ ყოფილა არანაირი უფლებების დარღვევა, არანაირი შეზღუდვა რეალურად იმ კონვენციური უფლების, რომელიც უნდა ჰქონდეს პატიმარს. პირიქით, მთელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა მაშინაც და დღესაც, რომ სააკაშვილი პატიმრობაში არის პრივილეგირებულ პირობებშიც კი სხვა პატიმრებთან შედარებით. რაც შეეხება ახლანდელ დემარშს, რა თქმა უნდა, არასამართლიანია, როდესაც რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირი საქართველოს უცხადებს დემარშს. ცალსახად ცნობილია ეს ყველაფერი და გადამოწმებადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია რუსეთის მხრიდან სანქციების მოხსნაში, იქნებოდა ეს ფრენები თუ უვიზო რეჟიმი. შემდგომში გამოვიდა რადიკალური ოპოზიცია და ჩვენ, ხელისუფლებას მოგვთხოვა, რომ დავაწესოთ ის სანქციები, რომლებიც გააუქმა რუსეთმა. ანუ, მათ, პრაქტიკულად, პირდაპირ მოითხოვეს, საკუთარმა ხელისუფლებამ ჩვენს თანამოქალაქეებს დავუწესოთ სანქციები. შეიძლება, ეს გაეკეთებინა სააკაშვილს, როცა ის იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს, საკუთრ ქვეყანას უწესებს სანქციებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით და მხოლოდ შემდეგ განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. თუ ამისთვის მივიღეთ ეს დემარში, რომ ჩვენს მოქალაქეებს და თანამემამულეებს სანქციები არ დავუწესეთ, მაშინ ჩვენ მზად ვართ, კი ბატონო, ამასაც ღირსეულად შევხვდებით, თუმცა, ვიმეორებ, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო საქართველოსთვის დემარშის გამოცხადება არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, არ უნდა გამოვრიცხოთ და მაღალი ალბათობით, როდესაც რუსეთი ამ გადაწყვეტილებებს იღებდა, მისი ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ საქართველოსთვის დამატებითი პრობლემები გამოეწვია და ასეთი ერთ-ერთი პრობლემა ახლა არის დემარში. შესაბამისად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით, რასაც საქართველო და ჩვენი ხალხი ელოდება ევროკავშირის მხრიდან, ეს არის არა დემარში, არამედ კანდიდატის სტატუსზე დროული, დადებითი გადაწყვეტილების მიღება. ამ გადაწყვეტილების ყოველგვარი დაყოვნება და გადადება, რა თქმა უნდა, ზრდის რისკებს და საქართველოს უქმნის დამატებით პრობლემებს. ჩვენ ამას ვეუბნებით პირისპირ შეხვედრებზეც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვამბობთ საჯაროდაც. რეგიონში დღეს არის ომი, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და ოკუპაცია გრძელდება. შესაბამისად, რაც უფრო დააყოვნებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს, ერთი – სჭირდება და მეორე – იმსახურებს, ეს საქართველოსთვის ყველა არაკეთილმოსურნე ძალას, რუსეთის ფედერაციიდან დაწყებული, სხვა ძალებით დამთავრებული, გაააქტიურებს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ შენი მეგობარი არ არის მზად ან თავს იკავებს რაღაცის გმო, რომ შენ დაგიდგეს გვერდში ბოლომდე, მით უმეტეს, მაშინ, როცა შენ ამას იმსახურებ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერს გადასცა ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე.

„საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.