არჩილ თალაკვაძე - როგორც საქართველომ ამდენი წლის შემდეგ მიაღწია გამარჯვებას, ჩვენ ასე მშვიდობიანი გზით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დადგება მომენტი, როცა მავთულხლართები აუცილებლად დაიშლება
არჩილ თალაკვაძე - როგორც საქართველომ ამდენი წლის შემდეგ მიაღწია გამარჯვებას, ჩვენ ასე მშვიდობიანი გზით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დადგება მომენტი, როცა მავთულხლართები აუცილებლად დაიშლება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსთვის ისტორიული, სამართლებრივი გამარჯვებაა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დაადგინა სიმართლე საქართველოს სასარგებლოდ, საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია.

„მათ შორის სიცოცხლის უფლება, წამების, თავისუფლების პრინციპი და უფლება, დაარღვია არაერთი სხვა უფლება, გადაადგილების, პირადი ცხოვრების და სხვა მუხლები, რაც თავისთავად მძიმე დასკვნა და განაჩენია რუსეთის ფედერაციისთვის. ასევე, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დადგინდა, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას და ის არის პასუხისმგებელი ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და, რა თქმა უნდა, რუსეთის ძალმომრეობის და უსამართლობის სიმბოლოდ რჩება ის დაბომბილი სოფლები, ის რეალობა, რომელიც არის დღეს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის მავთულხლართები, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ, როგორც მშვიდობიანი გზით, სამართლიანი გზით საქართველომ ამ მნიშვნელოვან დავაში ამდენი წლის შემდეგ მიაღწია გამარჯვებას, ჩვენ ასე მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევძლებთ, საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დადგება ის მომენტი, როდესაც მავთულხლართები აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა, ვიბაიდან ამ ტიპის ოკუპაცია, ეს მავთულხლართების კედელი ეწინააღმდეგება ცივილიზაციას, პროგრესსა და შეუძლებელია, რომ ეს მუდმივად გაგრძელდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მან მადლობა გადაუხადა ყველა სჯარო მოხელეს, ვინც იმუშავა ამ შედეგისთვის, მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს პროკურატურას.

„სწორედ ამ სამსახურებმა ჩვენი ხელისუფლების პირობებში გასწიეს ძალიან დიდი სამუშაო, შეაგროვეს 700-ზე მეტი მტკიცებულება, რათა დაცული ყოფილიყო  საქართველოს პოზიციები და ჩვენი სიმართლე ყოფილიყო დადგენილი ევროსასამართლოში. რეალობა არის, რომ ჩვენ – ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ეს ყველამ ერთად შევძელით, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.