არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, „რესპუბლიკელებმა“ სააკაშვილის მხრიდან თავზე ხელის გადასმა დაიჯერეს და მათთვის ეს უფრო მაღალი ღირებულება აღმოჩნდა, ვიდრე დემოკრატია
როგორც ჩანს, „რესპუბლიკელებმა“ სააკაშვილის მხრიდან თავზე ხელის გადასმა დაიჯერეს და მათთვის ეს უფრო მაღალი ღირებულება აღმოჩნდა, ვიდრე დემოკრატია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახლა მიიღეს „რესპუბლიკელებმა“ ეს გადაწვეტილება. მართლაც, არაერთხელ იყო „რესპუბლიკელებზე“ თავდასხმა სააკაშვილის და მისი გუნდის – „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც ჩემთვის, გაუგებარია მათი ეს პოზიცია და, ვფიქრობ, ეს არ არის პარტიის პრინციპული პოზიცია. თუმცა, რაც ერთი შეხედვით ჩანს, სააკაშვილის მხრიდან თავზე ხელის გადასმა როგორც ჩანს დაიჯერა ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა, დაიჯერეს ამ პარტიის ლიდერებმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია, ვიდრე ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ იყო ოპოზიციაში და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის სტილს. ეს არის მათი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას ექნება შეფასებაც მეორე ტურში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს.