არჩილ თალაკვაძე - როცა კომიტეტები გადანაწილდება, გავითვალისწინებთ, რომ რომელიმე დესტრუქციულ პოლიტიკოსს საშუალება არ მიეცეს, პარლამენტის მუშაობაში დესტრუქციული ელემენტები შეიტანოს
არჩილ თალაკვაძე - როცა კომიტეტები გადანაწილდება, გავითვალისწინებთ, რომ რომელიმე დესტრუქციულ პოლიტიკოსს საშუალება არ მიეცეს, პარლამენტის მუშაობაში დესტრუქციული ელემენტები შეიტანოს

როცა საპარლამენტო კომიტეტების გადანაწილდება დაიწყება, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმას, რომ რომელიმე დესტრუქციულ პოლიტიკოსს საშუალება არ მიეცეს, რომ პარლამენტის მუშაობაში დესტრუქციული ელემენტები შეიტანოს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ ყველა ის პირობა შეასრულოს, რაზეც პასუხისმგებლობა შარლ მიშელის შეთანხმებაზე აიღო.

„ოპოზიციის ნაწილის შეფასება ფარსი და არაგულწრფელია, რომ თითქოს, მათ არ სურთ, საპარლამენტო ძალაუფლება. ეს არათანმიმდევრულია, რადგან ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძვის, რათა მეტი უფლებები და ბერკეტები ჰქონდეს, თუ ვინმე ამბობს, რომ ეს არ უნდა, თავის ამომრჩეველს ატყუებს. შეთანხმებაში ეს პუნქტი იმისთვის კი არ იყო, რომ ვინმეს ძალაუფლება უნდა, ან დამატებით უნდა მიეცეს. პოლიტიკურ პარტიებს ძალაუფლებას ხალხი აძლევს და არა რაიმე შეთანხმება. ეს დოკუმენტში იმისთვის იყო ჩადებული, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს და თანამშრომლობით პოლიტიკაზე გადავიდეთ და არა დაპირისპირების, ასევე გადავიდეთ შედეგზე ორიენტირებული ყაიდის პოლიტიკაზე და არა ქვის სროლის, ცილისწამების, რომელსაც თუნდაც, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ვხედავდით, რაც ამ პარტიების მხრიდან ქვეყანას არც მანამდე აკლდა. გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ კომიტეტები გადანაწილდება ისე, რომ არც ერთ ძალას არ ექნება საშუალება საბოტაჟის და იმის, რომ როგორმე დაბლოკოს სამუშაო პროცესი, რასაც თუნდაც, სხდომათა დარბაზში ახლა ვისმენთ, რომ პოლიტიკური პარტიების ჯგუფი მომავალში ემზადება ამისთვის. პარლამენტი არის იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე იმუშაოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.