ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები და პროექტები, რომლებიც ბოლომდეა მისაყვანი, გამოცდილი გუნდით და იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ ამ წლებში თქვენი მხარდაჭერით დავაგროვეთ, მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დმანისში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, არსებობს მყარი, უდავო არგუმენტები, რის გამოც, საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ ენდობა და მხარს უჭერს.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და დაცვა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით, დაგვეცვა ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება რომელიც, ყველას გახსოვთ, რომ წინა წლებში უხეშად იყო დარღვეული. ჩვენმა ხელისუფლებამ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით, შეძლო ეფექტური, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება. რით უკავშირდება ეს ყველაფერი დმანისს? რით უკავშირდება ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქებს და სოფლებს, ჩვენს ოჯახებს? რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული მშვიდობა, სტაბილურობა, ზრუნვა ადამიანზე, მისი დაცულობა, სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი – ეს არ ის, რაც თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს ჩვენს სახელმწიფოში სჭირდება განვითარებისთვის ქალაქში, სოფელში და ჩვენს საზოგადოებაში. ამ წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა სახელისუფლო გუნდმა სწორედ თქვენი მხარდაჭერით შეძლო ამ შედეგების მიღწევა, თუმცა, ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები და პროექტები, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. გამოცდილი გუნდით და იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ ამ წლებში თქვენი მხარდაჭერით დავაგროვეთ, მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებას მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ პოლიტიკას სთავაზობს, აქვს მკაფიო დღის წესრიგი, პროგრესული გეგმა და სურს საქმის კეთება.
„სწორედ ამისთვის, როგორც ადრე, მოვედით დღესაც, რათა ჩაგაბაროთ ანგარიში და გთხოვოთ მხარდაჭერა, ვინაიდან ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები. ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, ეს არის არჩევნები, რომლითაც საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და საკუთარ საზოგადოებას, ისევე, როგორც პარტნიორებს, უმტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსია დასავლურ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის. ეს თავისთავად ნიშნავს უკეთეს ეკონომიკას ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთეს განათლებას ჩვენი შვილებისთვის და უკეთეს პირობებს ჩვენი საზოგადოების ხანდაზმული წევრებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მოვედით თქვენთან დმანისში, ისევე, როგორც მივალთ საქართველოს ყველა კუთხეში, ბევრ სოფელსა და ქალაქში, რათა შევხვდეთ ჩვენს მოქალაქეებს, განვამტკიცოთ ნდობა და ერთად ავიღოთ პირობები მომავალთან დაკავშირებით“, – მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. მისი თქმით, მოქმედი დეპუტატი გამოცდილი საჯარო მოხელე, პროგრესული და შრომისმოყვარე ადამიანია, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია.
„მინდა, ასევე, გამოვთქვა ჩემი ძლიერი მხარდაჭერა ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის, გოგი მეშველიანის მიმართ. ეს არის ძალიან წესიერი საჯარო მოხელე, პროგრესული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც უკვე წლების განმავლობაში საქმიანობს პარლამენტში და ამავე დროს, ის რჩება ჩვენი საზოგადოების, თითოეული თქვენგანის უშუალო მოკავშირედ და პარტნიორად. თითოეული თქვენგანის ხმად პარლამენტში. მან წარმატებით იმუშავა ოლქში, სადაც აირჩიეს და მჯერა, რომ წარმატებით იმუშავებს ახლაც, როდესაც თქვენი მხარდაჭერა ექნება. ურთულეს დღეებში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც და როდესაც ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამ მხარეში, ჩაკეტილი იყო კარანტინის გამო რაიონები, გოგი იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო დღემდე, სანამ არ გაიხსნა რაიონი, რჩებოდა საკუთარ ხალხთან, რჩებოდა იმ რაიონში, რომელმაც ის აირჩია. ვიდრე ყველა საკითხი ბოლომდე არ ამოიწურა, ვიდრე არ გაიხსნა მიმოსვლა, ვიდრე არ გაიხსნა პროდუქციის გატანა და არ მოწესრიგდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუ სხვა საკითხები, რომელიც იმ სოფელში და იმ რაიონში იყო, გოგი რჩებოდა ბოლომდე თავის ხალხთან და იმ ზონაში, რომელიც ჩაკეტილი იყო. სწორედ ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორი ადამიანი არის ის და რატომ იმსახურებს იგი თქვენს მხარდაჭერას, გახლავთ სწორედ ეს მაგალითი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმ ბევრთაგან, რომელზეც მე შემიძლია გესაუბროთ. მინდა, ძალიან მკაფიოდ გითხრათ, რატომ უნდა აირჩიოთ და რატომ გთხოვთ, რომ აირჩიოთ გოგი მეშველიანი: მას აქვს გამოცდილება, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის, მას აქვს კონტაქტები, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობები მთავრობასთან, და ასევე, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ გოგი მეშველიანი ყველაზე და სხვებზე უკეთ მოახერხებს თქვენთვის საჭირო პროექტების, საკითხების გადაწყვეტას, მათ მიტანას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე, იმ პრობლემების გადაჭრას საკანონმდებლო ცვლილებების გზით, რომელიც ამ საზოგადოებას, დმანისს და მთელ საქართველოს სჭირდება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, გავუწიო მას რეკომენდაცია და დავახასიათო, როგორც ძალიან კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და პროგრესული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.