არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს.
თალაკვაძის თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
„პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. საფუძველი არ გვაქვს, რომ მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ.
კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.