არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ პოლიტიკურ ფორმატებში, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ თავის რჩევებში დაადასტურა
პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ პოლიტიკურ ფორმატებში, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ თავის რჩევებში დაადასტურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე დაცული იყო ბალანსი.
„ჩვენ დღესაც, სანამ დავიწყებდით ამ შეხვედრას, მზადყოფნა გამოვთქვით პოლიტიკური კონსულტაციებისთვის. ჩვენ თავიდანვე რამდენჯერმე მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დავუბრუნდეთ პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიებს. რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვიქნებით მომავალშიც.
საზოგადოებამ რომ იცოდეს, დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ესწრებოდნენ სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეები, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ელჩები და ვენეციის კომისია. ასევე, უმრავლესობის მხრიდან საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა. იყო დაცული ბალანსი.
ჩვენ მზად ვართ, ოპოზიციას მივცეთ ნებისმიერი დრო, რამდენიც მათ დასჭირდებათ, რომ გააგრძელონ აქციები თუ პროტესტი კანონმდებლობის ფარგლებში, როგორც მათ სურთ და წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ამით რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა იქნება შეუძლებელი.
პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ფორმატებში და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ თავის რეკომენდაციაში და თავის რჩევებში კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციებისთვის, სადაც უკვე ალბათ სხვა საკითხებს განვიხილავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ეს არ არის ფორმატი, სადაც აქტივისტები მონაწილეობენ.
„ეს არის ფორმატი, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჩვენი პარტნიორები მონაწილეობენ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.