არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკურ ველზე ორი ძლიერი პარტია თუ რჩება, პროპორციულ სისტემას დიდი განსხვავების მოტანა არ შეუძლია
რომელიმე სისტემა არ არის იმის გარანტორი, რომ ქვეყანა მაინცდამაინც ამ მოდელის ფარგლებში იქნება ბედნიერი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„პოლიტიკურ თეორიაში ასე არ არის, რომ რომელიმე საარჩევნო სისტემა არის გარანტორი, რომ ქვეყანაში პოლიტიკა წარმატებით იმუშავებს. რეალურად, ჩვენ ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესის შექმნა გვსურდა და გვქონდა მოლოდინი, რომ ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია სულ მცირე კონსტრუქციულად შეხვდებოდა. რა თქმა უნდა, ამ ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან დადებით შეფასებებს არ ველოდით, მაგრამ სულ მცირე კონსტრუქციულ პოზიციას ველოდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომელიც დღეს პროპორციული სისტემის საკითხთან დაკავშირებით თავგამოდებით იბრძვის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს საარჩევნო სისტემის ცვლილებისკენ ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
„ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ოპოზიციაში გადანაცვლების შემდეგაც კი არაერთხელ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პროპორციული სისტემის საკითხი ჩაშლილიყო. მათ ამ ცვლილებებს პირველი შესაძლებლობისთანავე გამოუცხადეს ბოიკოტი და სხვათა შორის, ეს იყო პირველი სიგნალი, რომ სინამდვილეში, ოპოზიციას პროპორციული მოდელი კი არ სურდა, არამედ უნდოდათ, როგორმე მიეღწიათ დესტაბილიზაციისთვის, ხელისუფლებისთვის ძირი გამოეთხარათ და ხელისუფლება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიეღოთ “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გამოვიდა მმართველი გუნდი 24 ივნისს პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე გადასვლის ინიციატივით, რაც მოგვიანებით თავადვე ჩააგდო, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ივნისის მოვლენების დროს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო შექმნილი, რაც დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების შედეგი იყო და ეს ინიციატივა ამიტომ გაცხადდა.
„20 ივნისს, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტში ძალით შეჭრა სცადა და სახელმწიფომ ამას უპასუხა, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესი და ერთმანეთთან მაგიდასთან საუბარი რომ არ იყო, ცხადია. რა თქმა უნდა, რეალურად, ეს დესტაბილიზაციის მცდელობა იყო. ხელისუფლებას ამაზე ძალიან პასუხისმგებლიანი რეაქცია ჰქონდა – პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. მეორე, ჩვენ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია და ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი იყო, თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზებას გავაკეთებდით. ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. ჩვენ ბოლომდე მაინც გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს სტაბილურობისა და ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი გამხდარიყო, მაგრამ გამოცხადებული დაპირების მიუხედავად, მეორე დღესაც გაგრძელდა ქუჩაში დესტრუქციული ქმედებები, პარლამენტის წინ აქციები, ჩვენი კოლეგების მისამართით მძიმე შეურაცხყოფები და ა.შ.“ – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის ერთი ნაწილის მხრიდან ამ ყველაფერს ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა ამიტომ ჩავარდა.
„დეპუტატებმა პირდაპირ დაიწყეს საუბარი, რომ ჯერ პროპორციული სისტემა არ გვაქვს, მხოლოდ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ სისტემაზე ამა და ამ წელს გადასვლაზე და ოპოზიცია უკვე უკიდურეს დესტრუქციას აჩვენებს, ხოლო როცა ამ სისტემაზე გადავალთ, ეს ოპოზიცია რას გააკეთებსო. ჩვენ ეს შეკითხვები პირდაპირ დაგვისვეს, ვინ იძლევა იმის გარანტიას, როცა პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, ეს ოპოზიცია იქნება ოპოზიცია, ვინც ქვეყანაში თუნდაც კოალიციურ მართვას და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფსო. აი, ეს იყო ძირითადი უკმაყოფილება, რაც საბოლოოდ, იქამდე მივიდა, რომ დეპუტატების ნაწილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილება ზუსტად იმის გამო ჩავარდა, რომ ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი ვერ დარწმუნდა და პირიქით, საპირისპიროში დარწმუნდა, რომ ეს ძალები პროპორციულ სისტემისთვის, კოალიციისთვის და ნორმალური პოლიტიკური ფორმატის ფარგლებში მმართველობისთვის მზად არ არიან. ამიტომ, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ჩავარდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემას მაშინ აქვს აზრი, თუ პოლიტიკურ ველზე რამდენიმე ძლიერი პარტიაა.
„თუ პოლიტიკურ ველზე ორი ძლიერი პარტია რჩება, იქ პროპორციულ სისტემას დიდი განსხვავების მოტანა არ შეუძლია. რეალურად, ამოცანა, რატომაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2024 წლისთვის ვამტკიცებდით, ის იყო, რომ ვფიქრობდით, 2024 წლისთვის საპარლამენტო მანდატებისთვის რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური პარტია იბრძოლებდა, რადგან 2024 წლამდე დრო იყო და დაფინანსება, მედიაზე წვდომა და ზოგადი პოლიტიკური პროცესი ამის უზრუნველმყოფელი იქნებოდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.