არჩილ თალაკვაძე - პატიმრების შეწყალება იქნება დღესასწაულებზე თუ სხვა თარიღებში, გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი
ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უნდა დააზუსტოთ, როდის იგეგმება შეწყალების მორიგი აქტის გამოცემა, – განუცხადა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, პატიმრების შეწყალება იქნება დღესასწაულებზე თუ სხვა თარიღებში, გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი.
„საკითხზე, რაზეც პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს, პარლამენტმა თავისი მოსაზრება წარადგინა შეწყალების ახალ რეგულაციებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. როგორც იცით, ის იყო გათვალისწინებული პრეზიდენტის ახალ აქტში. შესაბამისად, ეს აქტი უკვე ძალაშია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მასზე დაფუძნებით მოხდება შეწყალების შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება.
კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთი ალტერნატივა დანერგა პატიმრებისთვის, ეს არის ალტერნატიული სასჯელის ფორმები, ელექტრონული პატიმრობა დაწესებულება, საიდანაც შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ ოჯახებს შეუერთდნენ; ეს არის ასევე პირადი სივრცეები, სადაც ოჯახს შეუძლია, რამდენიმე დღე გაატაროს თავის წევრთან; ორი დაწესებულებაა, სადაც პატიმრები სწავლობენ, მუშაობენ და ანაზღაურებას იღებენ; ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები – ვფიქრობ, ყველა ამ ალტერნატივის გათვალისწინებით, უკვე ჩვენს დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაში შეწყალება თავისთავად კარგავს თავის მნიშვნელობას, მისი სისტემური გამოყენება აღარ არის საჭირო. ის უნდა იყოს ალბათ გამოყენებული გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სხვა ალტერნატივები სარგებლობა არის შეუძლებელი და სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, თვლის, რომ კონკრეტული ადამიანი იმსახურებს გარკვეული შეღავათს.
დღესასწაულები იქნება თუ სხვა თარიღები იქნება ამისთვის შერჩეული, მე ნამდვილად არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ეს პრეზიდენტის პრეროგატივა და გადაწყვეტილებებს ამაზე იღებს პრეზიდენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.