არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილი სამარცხვინოდ იქცევა და არის ომის მომხრე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპონენტების განცხადებებს პასუხობს. ის აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი სამარცხვინოდ იქცევა და ოკუპაციის წინააღმდეგ მოქმედებებში მხარდაჭერის ნაცვლად, საკუთარ ხელისუფლებას ესვრის ტალახს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ და იმის ნაცვლად, რომ მათ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშოროსო დიპლომატიის გამოყენებით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მშვიდობის უზრუნველყოფა და მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ამის ნაცვლად ეს კონკრეტული ნაწილი ოპოზიციისა იქცევა სამარცხვინოდ.
ისინი არიან დაკავებული თავისი სახელმწიფოს, თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით და აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც პირდაპირ ჩანს, რომ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ. რა დეოკუპაციაზეა საუბარი, როდესაც ზუსტად მაგ ხალხის პოლიტიკური პროვოკაციების გამო პირიქით, ხელშეწყობა ხდება ოკუპაციის, ხელშეწყობა ხდება იმის, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიძლიეროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ომის მომხრეა.
„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები, რომლებსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს ადამიანები, პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი, რომელთაც სურთ დესტაბილიზაცია და რომელთაც სურთ, რომ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამაზე რაღაც იხეირონ. ეს არის მათი სტრატეგია. დაფიქრდით.
მივმართავ მათ კიდევ ერთხელ, რომ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოს და მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რადგან ომი ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ სურს და საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ომის გარეშე, მშვიდობით, დემოკრატიის განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით, საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შექმნას ის მომავალი და ის მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი.
დღეს რეალურად, ეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს ზუსტად ამ გეგმის საწინააღმდეგოდ. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი – როგორმე ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში. იცით, რომ პასუხისმგებლიან, პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ, მათ შორის დეოკუპაციასთან მიმართებაში. საქართველო 7-8 წლის განმავლობაში უკვე სტაბილურ მშვიდობას ინარჩუნებს, არის დასავლეთის საიმედო მოკავშირე და ეს ასეც იქნება მომავალშიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება ჩვენთან ამ მიმართულებით ითანამშრომლებს და მხარდაჭერას ვგრძნობთ მათი მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.