არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილი ერთი მხრივ ხალხის ხმებითა და მანდატებით ვაჭრობს, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიცია
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ტყვეობაში აიყვანონ მთელი ოპოზიციური სპექტრი.
ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპონენტების შეფასებებს და მოთხოვნებს გამოეხმაურა. თალაკვაძის თქმით, მაღალი ალბათობით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც დაბალი მხარდაჭერა აქვს, მძიმე ბიოგრაფიის მქონე ლიდერები ჰყავს, რომლებიც საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ, რადგანაც ქვეყანაში არ აქვთ მხარდაჭერა, ეცდებიან, საკუთარი ლობისტური რესურსები და კონტაქტები გააქტიურონ. თალაკვაძის თქმით, მათ უნდათ, გარედან ისეთი სახის მხარდაჭერა მიიღონ, რაც შეიძლება, შიდა მოლაპარაკებებში მანდატებით ვაჭრობის პროცესში გამოადგეთ.
„რასაც ოპოზიციის კონკრეტული ნაწილი აკეთებს, ერთი მხრივ, ეს არის ხალხის ინტერესებით, ხმებითა და მანდატებით ვაჭრობა, ხოლო მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ტყვეობაში აიყვანონ მთელი ოპოზიციური სპექტრი. მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ და ეს მოლაპარაკებების პროცესში ჩანს. საჯარო განცხადებები გაკეთდა, სადაც ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. მეც გიდასტურებთ, რომ ახლა ობიექტურად შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.