არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და ამაზე უარის თქმა ყოველთვის წამგებიანია
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და ამაზე უარის თქმა ყოველთვის წამგებიანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  პარლამენტმა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების გატარება უზრუნველყო, რაც განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკური გაგრძელებაა.

„2020 წელს არსებითად პროპორციული, ხოლო 2024 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა, პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, თანაბარი წვდომა მედიაზე და საარჩევნო კამპანიის გაუმჯობესებული წესები – ეს ის ცვლილებებია, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს შეიმუშავა და მიიღო. ამ ცვლილებების პროგრესულობა დაასაბუთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგადაც, საქართველოს პარლამენტში შესასვლელად ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და პირველად, უახლეს ისტორიაში, საქართველოს პარლამენტში შესვლის მანდატი ოპოზიციის 60-მა წარმომადგენელმა მოიპოვა. გაიზარდა პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობაც. გაფართოვდა ოპოზიციის უფლებები.

გასულ წელს დაძაბული პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა ოპოზიციასთან, რომელიც მძიმედ გვაკრიტიკებდა და საზოგადოებას უმტკიცებდა იმას, რომ პლურალისტული და მრავალპარტიული პარლამენტის მისაღწევად აუცილებელი იყო სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება არა 2024, არამედ 2020 წელს. ეს პროცესი დასრულდა 8 მარტის ცნობილი შეთანხმებით, რომელიც შესაძლებელი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ფასილიტაციით“, – აღნიშნა თალაკვაძემ საპარლამენტო საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს და ევროსაბჭოს მაშინდელ წარმომადგენელს საქართველოში კრისტიან ურსეს.

ამასთანმ, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია.

„ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა 8 მარტის შეთანხმებით მიცემული პირობა დემოკრატიული რეფორმების შესახებ – დანერგა არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეცვალა საარჩევნო კოდექსი.  სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიუხედავად – მაშინ, ისევე როგორც დღეს – ოპოზიციამ აირჩია ბოიკოტი და უარი თქვა მონაწილეობაზე. პარლამენტში მათ მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს, რომელზეც წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კრიტიკულად აუცილებელი იყო ქვეყნისთვის.

მიმაჩნია, რომ ეს იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა, რომელშიც სულ მალე, რამდენიმე თვეში, მაშინდელმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების დროს პოლიტიკური ფასი გადაიხადა – მათ ახალ არჩევნებში მინიმალური მხარდაჭერა მიიღეს და ახალ პარლამენტში პოზიციები დაკარგეს. სულ მალე, მე ვფიქრობ, რომ რეფორმებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ, საზოგადოება შეაფასებს უფრო ფართო კონტექსტში, თუ როგორ შეძლებს მეათე მოწვევის პარლამენტი და ოპოზიციური სპექტრის ის წარმომადგენლობა, ვინც საზოგადოებამ აირჩია, თავისი ფუნქციების შესრულებას. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი, მაშინაც და დღესაც იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია  არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.