არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებმაც სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს, მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებმაც სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს, მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს.

„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში კი რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთანაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით, დღეს კი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარების საკითხზე მუქარის შემცველი განცხადებებით გამოდიან.

„რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთანაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით, დღეს კი მწვავე, მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ, რომ თუ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, ქვეყანას არევენ. დაუკვირდით, ეს არის მათი გზავნილი და ორმაგი სტანდარტი. მიუხედავად ამისა, მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება – საქართველო და მისი ხელისუფლება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორია. ჩვენ არავის მივცემთ მიზეზსა  და შესაძლებლობას, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.