არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს - არჩევნებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ თუ გაქვთ, შემობრძანდით კომისიაში
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს - არჩევნებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ თუ გაქვთ, შემობრძანდით კომისიაში

შევეცდებით, საზოგადოებას მაქსიმალურად გამჭვირვალედ დავანახოთ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდება იმთავითვე იყო უსაფუძვლო, – ამის შესახებ  უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

„ოპოზიციამ არჩევნების მიმართ დააყენა ძალიან მძიმე, თუმცა უსაფუძვლო, ცარიელი ბრალდება. მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის გადამოწმების ერთადერთი საშუალება გახლდათ გადათვლა, რომელზეც თქვეს უარი. შემდეგი საშუალება გახლდათ გამოძიება ამ საკითხის, რაზეც როგორც ჩანს, კვლავ ამბობენ უარს. თუმცა, ამ კომისიაში ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებას მაქსიმალურად გამჭვირვალედ დავანახოთ, რომ იმთავითვე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაყენებული ბრალდება გახლავთ უსაფუძვლო. ეს ემსახურებოდა ერთადერთს, როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის. ეს დაგმეს საერთაშორისო პარტნიორებმა, ასევე, საზოგადოებისთვის იყო მიუღებელი, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის. ოპოზიციას ბრალდება კიდევ თუ გაქვთ, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება. სხვა შემთხვევაში, ეს ბრალდება გაბათილდება და ჩვენ მაქსიმალურად ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ იყო რეალურად, არასწორი და უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ემსახურებოდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.