არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ საზოგადოებას აჩვენა, რომ პარლამენტი და ქუჩა მათთვის ერთი და იგივეა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ საზოგადოებას აჩვენა, რომ პარლამენტი და ქუჩა მათთვის ერთი და იგივეა

შს მინისტრი პარლამენტში კითხვებზე პასუხების გასაცემად მოვიდა, ოპოზიციამ ეს ჩაშალა, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი იყო არა პასუხები, არამედ ის, რომ სპეცეფექტები გაეკეთებინათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მას ხომ არ დაუგეგმავს ჟურნალისტების პროტესტი და ოპოზიციის ასეთი დესტრუქციული ქმედებები?! ის ამას ვერ დაგეგმავდა. ის იმისთვის იყო მოსული, რომ კითხვებზე პასუხები გაეცა. ოპოზიციამ ეს ჩაშალა, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი იყო არა პასუხები, არამედ ის, რომ სპეცეფექტები გაეკეთებინათ, რისი მცდელობაც ჰქონდათ. საზოგადოებას აჩვენეს, რომ პარლამენტი და ქუჩა მათთვის ერთი და იგივეა. რასაც ქუჩაში აკეთებდნენ, უნდოდათ, პარლამენტშიც იგივე გაეკეთებინათ, მაგრამ ეს არის საქართველოს პარლამენტი, არის ისტორიული დარბაზი, არის წესები და კეთილი უნდა ინებონ და ამ წესებით იმუშაონ, თუ პარლამენტში არიან შემოსული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მინისტრის მოწვევა ხუთწუთიანი სცენის მოსაწყობად გამოიყენა. 

„სინამდვილეში, საპარლამენტო ცხოვრება ეს არ არის. ჩვენ ჟურნალისტებს კი არ ვსაყვედურობთ, ვინც ზევით იყო ლოჟაში და პროცესებს აშუქებდა, არამედ ოპოზიციის ამ დესტრუქციულ და რადიკალურ ნაწილს უნდა უსაყვედუროს საზოგადოებამ, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ვერ შეასრულეს და საზოგადოებას არ მოასმენინეს იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც ყველას აინტერესებდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, როცა შს მინისტრი პარლამენტში მივიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან პატივი სცა კანონს, პარლამენტს და ანგარიშვალდებულება დააფიქსირა.

„ვახტანგ გომელაური მივიდა შემდეგ ერთ-ერთ კრიტიკულ ტელევიზიაში და ღიად უპასუხა შეკითხვებს, რომელიც მედიას ჰქონდა. მე მგონი, ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა, მოსმენა თუნდაც ბანერების ფონზე, უფრო ხანგრძლივი შესვენების გამოცხადებით და ოპოზიციასთან კონსულტაციებით გაგრძელებულიყო, თალაკვაძემ განაცხადა, რომ შესვენება ორჯერ გამოცხადდა, პარლამენტში კი ურთიერთობა ფეხების ბაკუნით და ასეთი კატეგორიებით არ ხდება.

„არსებობს რეგლამენტი. რა შესვენება?! ორჯერ გამოვაცხადეთ ნახევარსაათიანი შესვენება და თუ მათ სხდომის განახლება უნდოდათ, მეტი დროც იყო იქ სასაუბროდ და მოსმენა განახლდებოდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში მინისტრების და პრემიერ-მინისტრების მოსმენები ჯამურად აღემატება ოცი წლის განმავლობაში მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრების მოსმენებს და ამ კუთხით, „ნაციონალური მოძრაობის“ მისათითებელი „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, საზოგადოებას ახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე საუბრობს, ხელკეტებითა და სპეციალური შეიარაღებით შევარდა „იმედში“.

„მათ დაარბიეს ტელევიზია, ჟურნალისტები სცემეს, პირდაპირი ეთერი გათიშეს, ტელევიზია მეპატრონეს წაართვეს, მაგრამ ამისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. ასეთი მემკვიდრეობის მქონე პარტია საუბრობს ქუჩაში მომხდარ ძალადობაზე, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო რეაგირება, ამ ხალხის დაშორიშორება და დამნაშავეთა დასჯა და არა ის, რა პასუხისმგებლობაც მათ აქვთ, როცა ტელევიზიაში პირდაპირ ხელისუფლება შევარდა, ჟურნალისტები სცემა და დაარბია. მათ ეს უხერხულობას არ უქმნის. ჰგონიათ, რომ ჩვენს საზოგადოებას პოლიტიკური ამნეზია აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანებს ყველაფერი ახსოვთ, საზოგადოება ამას აფასებს და ხედავს, რამდენად არათანმიმდევრულია „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ მორალური უფლება არც აქვთ, რომ ამ თემებზე ილაპარაკონ. ამ თემებზე ჟურნალისტები საუბრობენ, უფლებადამცველები საუბრობენ, ხელისუფლება საუბრობს და ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც წარსულიდან ასეთი მორალური პასუხისმგებლობა არ აქვთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი