არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და პარლამენტში იმუშაონ
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და პარლამენტში იმუშაონ

დღეს, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში დაბალი შედეგი აჩვენა, მათ ისევ უჭირთ, საკუთარ ამომრჩეველს სიმართლე უთხრან. ეს არის უპასუხისმგებლობის პრობლემა ოპოზიციაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„ოპოზიციის რიტორიკა ისევ უპასუხისმგებლო ტყუილია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. როცა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ, საკუთარ ამომრჩეველს სიმართლე ვერ უთხრეს, რომ დამარცხდნენ, სახელმწიფოს მიმართ შვიდთვიანი საბოტაჟი მოიფიქრეს, რომელიც მათივე მარცხით დასრულდა. დღეს, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ ამ რიტორიკით თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ დაბალი შედეგი აჩვენა, მათ ისევ უჭირთ, საკუთარ ამომრჩეველს სიმართლე უთხრან. ეს არის უპასუხისმგებლობის პრობლემა ოპოზიციაში. მათ უჭირთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჩვენება და მხარდამჭერებისთვის სიმართლის თქმა. სიმართლე გახლავთ ის, რომ მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და რადიკალური ოპოზიცია დამარცხდა.

რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, ეს საკითხი სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილია პარლამენტში და თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, თუ ასევე შეუძლიათ ჩვენთან დებატებში შემოსვლა, კანონპროექტებზე მსჯელობა, მობრძანდნენ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და პარლამენტში იმუშაონ. პრობლემა არის ის, რომ ნიკა მელიას პარტიის გენეტიკური კოდი გახლავთ არეულობა და დესტაბილიზაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.