არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიამ პოლიტიკასა და პროგნოზების გაკეთებაში წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა ალბათ მოვა დრო, როცა საზოგადოებას მეტს მოუყვება, ვინ სთხოვდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიამ პოლიტიკასა და პროგნოზების გაკეთებაში წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა ალბათ მოვა დრო, როცა საზოგადოებას მეტს მოუყვება, ვინ სთხოვდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას

ნიკა მელიამ ვერც პოლიტიკაში, ვერ პროგნოზების გაკეთებაში და ვერც მკითხაობაში წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა ალბათ ის დროც მოვა, როცა განცხადებებს გააკეთებს და საზოგადოებას მეტს მოუყვება, ვინ სთხოვდა მეტ დესტრუქციას, აგრესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „იმედს ვიტოვებ, სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლე ჰუმანურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ“.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეჯიბრია, ვინ უფრო მეტად დაიცავს სააკაშვილს.

„ნიკა მელიამ ბევრჯერ თქვა, ასე ვეღარ გაგრძელდებაო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ცხოვრება გრძელდება, სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებას აგრძელებენ. ნიკა მელიამ ვერც პოლიტიკაში, ვერ პროგნოზების გაკეთებაში და ვერც მკითხაობაში წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა ალბათ ის დროც მოვა, როცა განცხადებებს გააკეთებს და საზოგადოებას მეტს მოუყვება, ვინ სთხოვდა მეტ დესტრუქციას, აგრესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, კანონის უხეშ დარღვევას, რათა პატიმრობაში მოხვედრილიყო და ეს გამოეყენებინათ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის. რასაც ვხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეჯიბრია, ვინ უფრო მეტად დაიცავს სააკაშვილს და ვინ უფრო მეტად შეძლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას. სინამდვილეში, სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებთ, უბრალოდ, შიგნით ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ უფრო მეტად იმხრობს იმ ელექტორატს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.