არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელია დღეს პატიმრობაში რომ რჩება, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მის კოლეგებს, რომლებმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადეს
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელია დღეს პატიმრობაში რომ რჩება, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მის კოლეგებს, რომლებმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადეს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა სჭირდებათ და ამაზე გარკვეულ გეგმებს აწყობენ.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დარჩენაში დიდი წვლილი მისსავე კოლეგებს მიუძღვით.

„სასამართლოს გადაწყვეტილების წინასწარი პროგნოზირება ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ. პირველ რიგში მთავარია რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განხილული იყო შესაბამისი მექანიზმები გირაოს გადახდის შემთხვევაში, თუნდაც ამნისტიის საკითხი, რაც ევროპელმა მედიატორმა შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ოპოზიციამ უარი თქვა შეთანხმებაზე, მათ შორის ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოსავლის ძიებაზე. შესაბამისად, მელია დღეს პატიმრობაში რომ რჩება, ამაში ძალიან დიდი წვლილი მის კოლეგებს მიუძღვით, რომლებმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადეს“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ნიკა მელიას საქმე საერთო შეთანხმების მისაღწევად დამაბრკოლებელი არ უნდა გახდეს, რადგან ქვეყნისთვის ეს შეთანხმება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ღირებული ამოცანაა, ვიდრე რომელიმე სისხლის სამართლის საქმე, მით უმეტეს, როცა ადამიანი თავს ესხმოდა და პარლამენტის წინააღმდეგ ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდა.

„რადიკალური ქმედებები ვნახეთ ცესკო-ს წინააღმდეგ. ასევე, ვნახეთ ნიკა მელიას დემონსტრაციული გამოწვევა, როცა მან მოქალაქეებს უთხრა, რომ კანონზე მაღლა დგას. თავისთავად, ეს მიდგომა კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ, ვფიქრობ, აქ საჭიროა ძალიან მარტივი კომპრომისები. ჩვენი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა როგორც ჩანს, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელია პატიმრობაში სჭირდებათ და ამაზე გარკვეულ გეგმებს აგებენ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კითხვაზე, რატომ სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა, თალაკვაძე პასუხობს, რომ ეს არის დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილი, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სწორედ ისინი წარმართავენ პოლიტიკურ პროცესს.

„ასევე თავს უფლებას აძლევდნენ, რომ კანონზე მაღლა დაეყენებინათ თავი, მაგრამ სახელმწიფომ როგორც ნიკა მელიას, ასევე მის რადიკალურ მხარდამჭერებს სამართლიანად შეახსენა, რომ არსებობს სახელმწიფო, კანონები და ინსტიტუციებზე თავდასხმა დაუშვებელია. ასეთ ქმედებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არასოდეს გაამართლებენ. შესაბამისად, კანონი თუ დაირღვა, საჭიროა ამის აღიარება და შემდეგი ნაბიჯები ძალიან მარტივი გადასადგმელი იქნება“, – დასძინა თალაკვაძემ.