არჩილ თალაკვაძე - ნიკა გვარამიამ გაავრცელა მორიგი ფეიკნიუსი, ასეთი ჩანაწერები არ არსებობს, ეს ტექსტები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაწეროს
ჩემთვის ეს არის მორიგი ფეიკნიუსი გავრცელებული იმ არხისგან და იმ ე.წ. მედია მენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა და რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვძემ განაცხადა „მთავარი არხის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თქმითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები.
„თქვენ გახსოვთ, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის „რუსთავი 2“-სა და ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც გასაკვირი არ არის, როდესაც ზუსტად საარჩევნო პერიოდში და ზუსტად პოლიტიკური მიზნებით ახდენს ისეთი დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ.
როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის წინ გააკეთა განცხადება და თავისი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, სწორედ ნიკა გვარამია გახლდათ პირველი, ვინც რადიკალური ოპოზიციის სახელით გამოეხმაურა მმართველ პარტიას, მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჟურნალისტებსა და ტელევიზიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვისთვის. რაც ვნახეთ, ეს ეს გახლავთ მორიგი ფეიკნიუსი. ვინაიდან, სინამდვილეში, ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაწეროს. ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ.ნ-ს, ამის დაწერა ფურცელზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ გადაცემა დაიწყო წინასწარი დაზღვევით. მან თქვა, მტკიცებულებებს ნუ მომთხოვთ, დეტალებს და ამის საბუთებს ნუ მომთხოვთ, რომ ეს მართლაც ხდებაო“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, როდესაც ასეთი განცხადებით იწყება ბრიფინგი, ეს ემსახურება სენსაციას და დეზინფორმაციას.
„თუ ვინმესთვის მართლა გახდა ცნობილი რაიმე კანონდარღვევის შესახებ ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან, კანონით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, ასეთი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს, ტელევიზიის ეთერში ჭორაობის და ამ ტექსტების კითხვის ნაცვლად. ვერც ერთი ქვეყნის თავისუფალი მედიის ეთერში, ვერც ერთი ქვეყნის პრესაში ვერ ნახავთ, რომ ადამიანი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ არის ტელევიზიის მედია მენეჯერი, იჯდეს ეთერში და კითხულობდეს ასეთ ტექსტებს. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თუნდაც ჩემი ოჯახის მიმართ ვნახეთ აბსოლუტური ყალბი დეზინფორმაციები და ფეიკნიუსები, არ უნდა გაგვიკვირდეს არც ეს. ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდად ვხვდებით, ვინაიდან ვიცით, ვინ არის ნიკა გვარამია. ყოფილი ჩინოვნიკი, ადამიანი რომელსაც სისტემურ დანაშაულებში აქვს მთავარი წვლილი და დღეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული.
ორი მედიასაშუალების ხელმძღვანელებს უნდათ, რომ ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთოდ არ არსებობდეს. მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ყველა სახელმწიფო უწყებამ და ორგანიზაციამ ეფექტურად იმუშაოს და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.