არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაიაზრონ, რომ არჩევნებში დამაჯერებლად დამარცხდნენ
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ძალიან მაღალი მონაწილეობით უთხრა უარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროპული არჩევნების ჩატარება სურდა.
„ჩვენი სურვილი იყო, ევროპული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულიყო, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნებს ერთგვარი რეფერენდუმის სახე მიეღო. საზოგადოებამ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ძალიან მაღალი მონაწილეობით უარი უთხრა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკისა და მათი მოქმედებების დაბრუნება არ სურს.
„უნდა გაიაზრონ, რომ არჩევნებში დამაჯერებლად დამარცხდნენ. მათ უჭირთ თავიანთ ამომრჩევლებს უთხრან, რომ დიდი სხვაობით დამარცხება აღიარონ. ერთადერთი, რაც რჩებათ ისაა, რომ მხარდამჭერებს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რომ შეკრება და მანიფესტაცია ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაცულია. დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალება არავის არ მიეცემა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს თელავში გაერთიანებული ოპოზიცია აქციის გამართვას გეგმავს.