არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს კონკურსი უფრო თავზე ხელაღებული, უფრო მეტად კომიკური და მეტად მყვირალა ადამიანის შესარჩევად, ვინ იქნება ასეთი ადამიანი, მალე ნახავთ
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს კონკურსი უფრო თავზე ხელაღებული, უფრო მეტად კომიკური და მეტად მყვირალა ადამიანის შესარჩევად, ვინ იქნება ასეთი ადამიანი, მალე ნახავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი ნაკლებად საინტერესოა, თუმცა აშკარაა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობს კონკურსი – უფრო თავზე ხელაღებული, უფრო მეტად კომიკური და მეტად მყვირალა ადამიანის შესარჩევად, ვინ იქნება ასეთი ადამიანი, მალე ნახავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„როგორც ჩანს, ამ ნომინაციაში უპირობო ლიდერი ნიკა მელია ვეღარ არის. არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან სიახლე მოვისმინოთ, რომ, სავარაუდოდ, ხაბეიშვილი და მისი კლანი ახდენდნენ ზეგავლენას მელიაზე, როცა ის უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და თავს ესხმოდა კონსტიტუციას, ინსტიტუტებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები სთხოვდნენ და აგულიანებდნენ, რომ კანონის წინააღმდეგ წასულიყო და პატიმრობაში მოხვედრილიყო, რათა ეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გამხდარიყო. როგორც ხედავთ, მაშინ ეს ადამიანი პატიმრობისთვის გაწირეს, დღეს კი მისი გადაყენების ოპერაცია მიმდინარეობს და ეს ხდება იმისთვის, რომ სჭირდებათ თავზე ხელაღებული ადამიანი, ვინც უფრო უკეთ შეასრულებს დავალებებს, რომლებიც კეზერაშვილსა და სააკაშვილს ექნებათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.