არჩილ თალაკვაძე - მოქალაქეებს კითხვა აქვთ, რისთვის ითხოვს ოპოზიცია მხარდაჭერას, თუ პარლამენტის საქმიანობაში მაინც არ მონაწილეობს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის გამოყენების შეცდომას აღარ გაიმეორებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ოთხწლიანი საქმიანობა შეაფასა და ყურადღება ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტზე გაამახვილა.
თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, პარლამენტმა ზედამხედველობის მექანიზმები მნიშვნელოვნად გააძლიერა, რომელიც უკავშირდება მთავრობის კონტროლს მთავრობის საქმიანობაზე.
„რეგლამენტის შეცვლის შემდეგ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ვიზიტების რაოდენობა რიცხვებშიც მკვეთრად აღემატება მანამდე ჯამურად ოცი წლის განმავლობაში ზედამხედველობის ამ მექანიზმების გამოყენებას და პრემიერ-მინისტრებისა და მინისტრების ვიზიტებს პარლამენტში. ეს ხელის გულზეა და საზოგადოება განსხვავებას კარგად ხედავს. მოლოდინი მაქვს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში თითოეული ეს მექანიზმი – პრემიერის ან მინისტრების მოსმენა, თუ სხვა ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც რეგლამენტშია ჩადებული, ძალიან ეფექტურად იქნება გამოყენებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია იმ შეცდომას აღარ გაიმეორებს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ძველმა ოპოზიციამ დაუშვა, როცა მათ სხდომებზე არდასწრების გზა, ბოიკოტირებისა და ბლოკირების მცდელობები აირჩიეს“, – აცხადებს თალაკვაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბევრ თანამოქალაქეს კითხვა აქვს იმის თაობაზე, რისთვის ითხოვს ოპოზიცია მხარდაჭერას, თუ პარლამენტის საქმიანობაში მაინც არ მონაწილეობს.
„ბოიკოტი წინააღმდეგობაში მოდის და აზიანებს ოპოზიციის ინტერესებსა და მათ პირობებს. ოპოზიცია საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს, რათა პარლამენტში მოხვდნენ, მაგრამ იგივე საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არჩევნების შედეგად დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილნი და არ ესწრებიან სხდომებს, არ მონაწილეობენ პარლამენტის საქმიანობაში. შესაბამისად, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს კითხვა აქვს, რისთვის ითხოვენ მხარდაჭერას, თუ პარლამენტის საქმიანობაში მაინც არ მონაწილეობდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში?! საზოგადოებას რა გარანტია აქვს, რომ თუ ეს ოპოზიციური პარტიები გარკვეულ ხმებს მიიღებენ, მართლაც გაამართლებენ თავის მდგომარეობას და შეასრულებენ სრულფასოვანი ოპოზიციის ფუნქციას მომდევნო პარლამენტში. იმედია, ოპოზიცია ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტში ასეთ მცდარ გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.