არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით შეჯიბრს, ვინ გააკეთებს მეტს ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ ეს არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით შეჯიბრს, ვინ გააკეთებს მეტს ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ ეს არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა

მივესალმებით შეჯიბრს, ვინ გააკეთებს მეტს ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ ეს არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, მისასალმებელია, რომ ოპოზიცია სულ უფრო აქტიურად ერთვება საპარლამენტო დისკუსიებში.

„მეტი კითხვაა, თუმცა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხმამაღალი საუბარი, არამედ რიცხვებიც რომ შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს. გიორგი ვაშაძე საუბრობდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მინდა, რამდენიმე რიცხვი მას ვუთხრა შედარებისთვის. დავიწყებ მისი ყველაზე საყვარელი პროექტით – იუსტიციის სახლით, როდესაც ის საქმიანობდა ხელისუფლებაში, 2013 წლამდე 15 იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი გახლდათ აშენებული და შესული ფუნქციონირებაში, დღეს 110 იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი გახლავთ აშენებული და შესული ფუნქციონირებაში. ეს არის შედარება, ვინ უფრო მეტი საქმე გააკეთა. ბატონი გიორგი ვაშაძე საუბრობდა ინფრასტრუქტურაზე და გზებზე. მინდა, გითხრათ, რომ მინიმუმ, ორჯერ მეტი გზა არის დაგებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მათ შორის, ცენტრალური გზები, 3570 კილომეტრი იყო დაგებული თქვენი ხელისუფლების პირობებში, 6 000 კილომეტრზე მეტი გახლავთ დაგებული ამ წლების განმავლობაში. რაც შეეხება ჰესებს, თქვენ პათეტიკურად ლაპარაკობდით ჰესები შენდება თუ არა საერთოდო და ყველაფერი გაჩერებულიაო.

უბრალოდ, საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში, აშენდა მხოლოდ ორი ელექტროსადგური, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 20-ზე მეტი ელექტროსადგური გახლავთ უკვე ამ მომენტისთვის აშენებული და ათეულობით ახალი პროექტი არის განხორციელებაში ჩაშვებული. შესაბამისად, ეს არის განსხვავება, თუ ვინ მეტი გააკეთა და მივესალმებით შეჯიბრს, თუ ვინ მეტს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ეს არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.