არჩილ თალაკვაძე - მასშტაბური აქცია იყო ის, რომელიც ჩავატარეთ „ქართულმა ოცნებამ“, ციხესთან აქციებზე კი ჩვენი დამოკიდებულება იქნება იმ კანონის ფარგლებში, რომელიც მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას იცავს
როგორც ჩანს, თქვენ მასშტაბურ აქციაზე არ გაქვთ სწორი წარმოდგენა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული აქციების შესახებ საუბრისას.
„შეგახსენებთ, რომ მასშტაბური აქცია იყო ის, რომელიც ჩავატარეთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის დროს. აი, ეს იყო მასშტაბური აქცია და მე მგონია, რომ ყველას გაჩვენეთ, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ ჩვენს ქვეყანაში. ეს მხარდაჭერა ასევე ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეკუთვნის სტაბილურობას, ეკუთვნის მშვიდობას, ვინაიდან სწორედ ჩვენ ვართ ამისი გარანტი ქვეყანაში და ეს მანდატი კიდევ ერთხელ ჩვენმა საზოგადოებამ დაგვიდასტურა.
რაც შეეხება ციხესთან თუ ნებისმიერ სხვა დაწესებულებასთან აქციებს, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება ყოველთვის იქნება იმ კანონების და რეგულაციების ფარგლებში, რომელიც მშვიდობიანი გამოხატვის და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებას იცავს“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.