არჩილ თალაკვაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დარჩენილ კითხვებზე მოკლული მოზარდების ოჯახები პასუხებს მიიღებენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს.
თალაკვაძის თქმით, კითხვებზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე რჩება, მოკლული მოზარდების ოჯახები პასუხებს მიიღებენ.
„პარლამენტმა მიიღო სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც მხარი დავუჭირეთ ამ საქმეზე მართლმსაჯულების ბოლომდე განხორციელებას. ოპოზიციამ სცადა, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკური განზომილება მიეცა, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. ძალიან ცდილობდნენ, რომ ტოლობის ნიშანი დაესვათ თუნდაც მათი ხელისუფლების პირობებში ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საქმესთან, სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან. თუმცა კითხვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან თანმიმდევრულად არის პასუხი გაცემული. იმედი მაქვს, კითხვებზე, რომელიც რჩება, მოკლული მოზარდების ოჯახები პასუხებს მიიღებენ. სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, მორალურად ეს საქმე ტვირთი იქნება.
სახელმწიფოებრივი პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის საგამოძიებო პროცესში თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც პარტიული დღის წესრიგით არ ხელმძღვანელობს და არც უნდა ხელმძღვანელობდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.