არჩილ თალაკვაძე - ხოშტარიასა და ვაშაძის გაერთიანება რეალურად ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს, ამას აკეთებენ უკრაინის მხარდაჭერისა და პროდასავლურობის საფარქვეშ
არჩილ თალაკვაძე - ხოშტარიასა და ვაშაძის გაერთიანება რეალურად ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს, ამას აკეთებენ უკრაინის მხარდაჭერისა და პროდასავლურობის საფარქვეშ

რეალურად, ეს გაერთიანება ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს და რაც ყველაზე ცუდია, ამას აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისა და პროდასავლურობის საფარქვეშ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს გაერთიანება უპერსპექტივოა.

„რასაც ისინი ახლა აკეთებენ, ეს უკვე გააკეთეს 2013 წელს, მაშინაც ისინი აანონსებდნენ განმათავისუფლებელ მოძრაობას, დღესაც იმეორებენ იმავეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი დარჩნენ 2013 წლის დღის წესრიგში. ეს დღის წესრიგი მაშინაც იყო პოლიტიკური შურისძიება და დღესაც მათ ამოძრავებთ ერთადერთი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ვერ ვხედავ დღეს საზოგადოების ვერცერთ სერიოზულ ნაწილს, ვერცერთ სერიოზულ დამფინანსებელს, რომ მხარი დაუჭირონ იმას, რაც უკვე წარსულია, რაც უკვე უარყოფილი იყო 2013 წელს, ამიტომ ეს არის თავისთავად გაკოტრებული დღის წესრიგი. ეს გაერთიანება ცდილობს, თავისი რუსული დღის წესრიგი, სერიოზული ბრალდებები გადაფაროს. ბოლო წლის განმავლობაში ფაქტები გახდა საჯარო, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ მათ აქვთ კავშირები და ისინი ატარებენ რეალურად რუსულ პოლიტიკას საქართველოში. ნაცადი მეთოდია, როდესაც ზუსტად საპირისპირო საკითხზე ესხმი თავს ოპონენებს, ამით ცდილობ, რომ საკუთარი გადაფარო, მაგრამ რაც საზოგადოებამ ნახა, ამის წაშლა შეუძლებელია. რეალურად, ეს გაერთიანება ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს და რაც ყველაზე ცუდია, ამას აკეთებენ უკრაინის მხარდაჭერისა და პროდასავლურობის საფარქვეშ“, – განაცხადა თალაკვაძემ.