არჩილ თალაკვაძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშია, ვეტომდე ბევრო დროა, წინასწარ ამაზე საუბარი არ მგონია სწორი
არჩილ თალაკვაძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშია, ვეტომდე ბევრო დროა, წინასწარ ამაზე საუბარი არ მგონია სწორი

მინდა, დავარწმუნო საზოგადოება რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში და დაეფუძნება მხოლოდ ჯანსაღ არგუმენტებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვეტომდე ჯერ ბევრო დროა, შესაბამისად, წინასწარ განცხადების გაკეთება, რასაც წინ უსწრებს განხილვები, საპარლამენტო დისკუსია, სწორი არ არის.

„ამ კანონთან დაკავშირებით ყველა მხარეს მოვუწოდებ, თუ დაინტერესება აქვთ, ჩაერთონ განხილვებში და საპარლამენტო დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა. განსაკუთრებით საჭირო იქნება, ოპოზიციაც დაელაპარაკოს კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ დადის, ოპოზიცია არ აკეთებს იმას, რაც ევალება დემოკრატიული წესებით. შესაბამისად, ვიდრე ვეტო იქნება, მანამდე არის მთელი პოლიტიკური პროცესი. უნდა შედგეს განხილვები და ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.