არჩილ თალაკვაძე - კარი ჯერ კიდევ ღიაა, მანდატების საკითხის განხილვა 2 თებერვალს შედგება და საკითხი არ გადაიდება
ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია – კარი ჯერ კიდევ ღიაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, უკვე სამი თვე გავიდა, ჩატარდა მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი და ყველას ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა. თუ ეს შეძლო ორმა პარტიამ, სხვა პარტიებსაც შეუძლიათ იგივე.
„როცა „გირჩი“ ითხოვს კიდევ გვაცალეთ და დაგველოდეთ, მეორე მხრივ, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ერთი თვეა, გვამუნათებს და ატყუებს საზოგადოებას, რომ პარლამენტი კანონს არღვევს და ჩვენი განცხადებები სასწრაფოდ განიხილონო. კანონის და ვადების სრული დაცვით, ამ საკითხის განხილვა 2 თებერვალს შედგება, საკითხი არ გადაიდება და ჩვენ გადაწყვეტილებას დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებში მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განმარტებით, ოპოზიცია ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, რაზეც მმართველი გუნდის პასუხი იყო, რომ ერთად შეგვემოწმებინა მათი პრეტენზიები.
„შევქმნათ საგამოძიებო კომისია, გადავთვალოთ შედეგები, დავადაროთ პარალელური დათვლის შედეგებს. რომელიმე შეთავაზებაზე იყო დადებითი პასუხი?! ეს ნიშნავს, რომ ბრალდებაც იყო უსაფუძვლო და მოგონილი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა გაეღვივებინათ საზოგადოებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.