არჩილ თალაკვაძე -  ბრიუსელში კახა კუჭავას პირველი ვიზიტი ჩვენი მხრიდან სიგნალია, რომ ერთგული ვართ საგარეო პოლიტიკური კურსის
არჩილ თალაკვაძე -  ბრიუსელში კახა კუჭავას პირველი ვიზიტი ჩვენი მხრიდან სიგნალია, რომ ერთგული ვართ საგარეო პოლიტიკური კურსის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ ქვეყანა არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგულია.

არჩილ თალაკვაძემ კუჭავას წარმატებები უსურვა.

„პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის ფარგლებშიც ის ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე თავის ოფიციალურ პირველ ვიზიტს ევროპაში, ბრიუსელში მართავს. ეს ჩვენი მხრიდან ნათელი სიგნალია, კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ერთგული ვართ საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია, ინტეგრაცია ნატო-ში. მსურს, წარმატებები ვუსურვო კახა კუჭავას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ოპოზიციის წარმომადგენლის მონაწილეობა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთგულია შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების.

„მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად არის ოპოზიციიდან წარმომადგენელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთგულია შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების. მომხრე ვართ, თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკის. გვსურს, საქმიანი და მშვიდი პოლიტიკური პროცესი, ეს შესაძლებელი იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში შედიან ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.